ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია შვეიცარიისგან "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკებს სავარაუდოდ უკან შეიძენს


გერმანული წარმოების "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკებს გერმანია შვეიცარიისგან უკან შეისყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ბერლინი ავრცელებს, რომელიც შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

გერმანიას საკუთარი წარმოების ტანკების ყიდვის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბერლინმა კიევს "ლეოპარდის" ტიპის ტანკები გადასცა, თავად კი მარაგი შესავსები დარჩა.

ბერლინს ბერნისგან 96 "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკის შესყიდვა სურს.
ამ მოთხოვნით შოლცის მთავრობამ შვეიცარიას თებერვალში მიმართა. თითქმის 7 თვის განმავლობაში გერმანია ნეიტრალურ ბერნს არწმუნებდა, რომ ეს ტანკები უკრაინაში არ გაიგზავნება და გერმანიაში დარჩება.

პროცესი თვეების განმავლობაში შვეიცარიის როგორც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე გაგრძელდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბერლინმა ბერნი დაარწმუნა, რომ ტანკები გერმანიის, ნატოსა და ევროკავშირის ზონას არ გასცდება.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები და მადლიერები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო“, - თქვა შვეიცარიაში გერმანიის ელჩმა მიშელ ფლუგერმა.

თუმცა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ბერლინს უკან მიჰყიდოს "ლეოპარდის" ტანკები, ჯერ საბოლოო მაინც არ არის. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებისა და საჯარო განცხადების შემდეგ ახლა პარლამენტში სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ერთგვარი ფორმალობაა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე შვეიცარიამ საკუთარი იარაღის უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით გერმანიის, დანიის და ესპანეთის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. შვეიცარიის მთავრობა ამბობდა, რომ უკრაინაში პირდაპირი ან ირიბი გზებით მისი წარმოების იარაღის შეტანა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს დაარღვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG