ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწეველების კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის შანსი 60-80%-ით მეტია - ოქსფორდის კვლევა


კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის, კოვიდ-19-ის მწვავე ფორმებით ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შანსი გაცილებით მეტია, ვიდრე არამწეველებში. ამას ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევა ადასტურებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკში 420 000 ადამიანის მონაცემები 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით შეისწავლეს. აკვირდებოდნენ რა ავადმყოფობის ისტორიებს და ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს, მათ აინტერესებდათ, არსებობდა თუ არა რაიმე სახის კავშირი თამბაქოს მოწევას და კოვიდ-19-ის გართულებებს შორის.

სამედიცინო ჟურნალ "თორაქსში" გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მწეველებს 60-დან 80%-მდე მეტი შანსი აქვთ საავადმყოფოში მოხვედრის. როგორც ირკვევა, თამბაქოს მომხმარებლებს შორის ასევე გაცილებით მეტი კვდება კოვიდ-19-ის გართულებებით, ვიდრე არამწეველებს შორის.

ახალი კვლევა მეტ ნათელს ჰფენს მოწევის რისკებს კოვიდ-19-თან მიმართებაში. პანდემიის ადრეულ პერიოდში ამ მიმართულებით გაურკვევლობა შეიქმნა, როცა ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მწეველებს შორის კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმის შანსი 23%-ით ნაკლები იყო. თუმცა, ეს კვლევა რედაქციამ მალევე ამოიღო, ვინაიდან მის ავტორებს და თამბაქოს ინდუსტრიას შორის კავშირი დადგინდა.

ამასთან, მას შემდეგ რამდენიმე სხვა კვლევამაც დაადასტურა, რომ მწეველებს კორონავირუსით ინფიცირებისას კოვიდ-19-ის მწვავე ფორმები გაცილებით მეტად ემუქრებათ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაშრომებს გარკვეული ლიმიტები გააჩნია. არ არის გამორიცხული, მწეველთა მონაცემებზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდეს, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ისინი დიდი ალბათობით უფრო დაბალი შემოსავლის მქონე, სოციალურ-ეკონომიკური ფენიდან არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG