ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ სოროსმა "ჰიუმან რაითს ვოტჩს" 100 მილიონი დოლარი გადასცა


ჯორჯ სოროსმა "ჰიუმან რაითს ვოტჩს" 100 მილიონი დოლარი გადასცა
ჯორჯ სოროსმა "ჰიუმან რაითს ვოტჩს" 100 მილიონი დოლარი გადასცა

ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდმა "ჰიუმან რაითს ვოტჩს" 10-წლიანი 100 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გადასცა გლობალურ ასპარეზზე საქმიანობის გაფართოების მიზნით

შეერთებულ შტატებში განთქმულმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა და მისმა ნიუ იორკში მდებარე ღია საზოგადოების ფონდმა საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციას „ჰიუმან რაითს ვოტჩს“ 100 მილიონი დოლარის გადასცა.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჰუმანიტარული მიზნით გაღებული შემოწირულობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო ღია საზოგადოების ფონდმა უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩს“ 100 მილიონი დოლარის 10-წლიანი გრანტი გადასცა.

როცა ღია საზოგადოების ფონდის პრეზიდენტს არიე ნაიერს ჰკითხეს თუ რითი იყო განპირობებული ესოდენ მნიშვნელოვანი გრანტის გაცემა, მან შემდეგი პასუხი გასცა:

„ღია საზოგადოებების შექმნა და განვითარება ჩვენ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ანუ ისეთი სახის საზოგადოებისა, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობა დაცულია, კანონის უზენაესობა სუფევს და უმცირესობებს სამართლიანად ეპყრობიან. ჩვენი ფონდი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.“

ნეიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დასაცავად იღწვის, მაგრამ ღია საზოგადოების ფონდმა „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ აირჩია ამ ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოების მიზნით.

„ჰიუმან რაითს ვოტჩი შეერთებულ შტატებში 1978 წელს დაარსდა. ამ ორგანიზაციის ადრეული საქმიანობის ყურადღების ცენტრში იყო შეერთებული შტატების გავლენა მსოფიოს სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. დროის განმავლობაში ‘ჰიუმან რაითს ვოტჩი’ გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ის ადამიანის უფლებებს გლობალურ ასპარეზზე იცავს. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ‘ჰიუმან რაითს ვოტჩს’ ამ საქმიანობაში,“ აღნიშნა ნაიერმა.

აღსანიშნავია, რომ „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ კვლევით ანგარიშებს დიდს პატივს სცემენ. ორგანიზაცია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებს აფიქსირებს. „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ ანგარიშებს მედიას აწვდის იმ იმედით, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევები სამარცხვინო საქმიანობას შეწყვეტენ.

წარსულში ორგანიზაცია ინფორმაციას შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მთავრობებს აწვდიდა. „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ დასავლეთის მთავრობებს ლობირებდა რათა მათ საკუთარი გავლენა დამრღვევი ქვეყნების მიმართ გამოეყენებინათ. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილება მკვეთრად შეიცვალა და ეს ორგანიზაციის საქმიანობაში უნდა აისახოს, აღნიშნავს „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ აღმასრულებელი დირექტორი კენეთ როთი. მისი თქმით:

„გლობალურ სამხრეთში სხვადასხვა აღმავალი სახელმწიფო შეინიშნება. ისინი თავ-თავიანთ რეგიონებში დიდ გავლენას ახდენენ. მაგალითად, ისეთ ქვეყანაში როგორიც არის ზიმბაბვე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული შეერთებული შტატების მთავრობისა თუ ევროკავშირის პოზიციების მიუხედავად, ყველაზე დიდ გავლენას სამხრეთ აფრიკა ახდენს. სხვა მაგალითი, რომ მოვიყვანოთ, დასავლური სახელმწიფოების დამოკიდებულება შრი ლანკას ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ კარგად არის ცნობილი, მაგრამ იქაც აზიური რეგიონის ქვეყნებს უფრო მეტი გავლენა აქვთ. ამდენად ჩვენ გვსურს ახალი ოფისების გახსნა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, და ინდოეთი. ანუ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია უკვე დამკვიდრდა, მაგრამ რომელთა მთავრობებს ჯერ აზრადაც არ მოსვლიათ ის, რომ დემოკრატიული ფასეულობები მათ საგარეო პოლიტიკაშიც უნდა აისახოს.“

როთი აღნიშნავს, რომ მეგობრულად განწყობილი მთავრობების ზეწოლის მოხდენის ყველაზე ეფექტური მეთოდი პირდაპირი ან ირიბი ეკონომიკური ზომების მიღებაში მდგომარეობს და „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე გააქტიურა.

მილიარდელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, რომელმაც ღია საზოგადოების ფონდი დაარსა, გამოთქვამს იმედს, რომ „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ დასახულ მიზნებს მიაღწევს. სოროსმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ამერიკის უმნიშვნელოვანეს იდეალებს ასახავს.

სოროსი დასძენს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ღია საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ კი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე ეფექტური ორგანიზაციაა.

XS
SM
MD
LG