ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩის" ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ


ახლახანს ადამიანის უფლებათა დამცავმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმა” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. მოხსენებაში ნათქვამია რომ შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ავტორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვაშინგტონის ბოლოდროინდელი პოლიტიკის გამო, რომელიც არ ერიდება ბრალდების წაყენების გარეშე ეჭვმიტანილთა დაკავებას და გამოძიების დროს წამების მეთოდების გამოყენაბას.

ამერიკის დასუსტებასთან ერთად იზრდება ჩინეთის გავლენა მსოფლიოში, თუმცა ეს ქვეყანა კვლავაც გულგრილი რჩება ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებისადმი. ჩინეთში პოლიტიკური პლურალიზმის არ არსებობის პირობებში პეკინი ამ პრობლემებს ქვეყნის საშინაო საქმედ განიხილავს. ადამიანის უფლებები ირღვევა რუსეთშიც, სადაც ჩეჩნეთში მიმდინარე ბინძური ომის პირობებში ყველა დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრის ჩახშობა ხდება. რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანია საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოება განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ტირანიის და მკვლელების დახმარებას ითვალისწინებს.

ასეთ პირობებში როდესაც ვაშინგტონის როლი სულ უფრო მცირდება, იზრდება ევროკავშირის პასუხისმგებლობა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ადამიანის უფლებების მთავარ დამცველად შეიძლება ჩაითვალოს. ჰუმან რაითს ვოჩი თავის მოხსენებაში დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში შექმნილ სიტუაციას, რომელიც ამ ორგანიზაციის აზრით დიდი წინააღმდეგობებით ხასიათდება. 2005 წლის დეკემბრიდან შეიმჩნევა ხელისუფლების გააქტიურება დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით ციხეებში მათი გავლენის შესუსტების თავლსაზრისით.

მაგრამ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებაში დაუსჯელობის სინდრომი ბატონებს, რაც სერიოზულ პრობლემად გადაიქცა საქართველოსათვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის სასამართლო სისტემას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც პატიმართა 63% წინასწარი დაკავების საკნებში იმყოფება. ციხეები კი გადაჭედილია ტუსაღებით, რომლებიც ჩახუთულ და ჭუჭყიან საკნებში იტანჯებიან. პატიმრები მოკლებულნი არიან კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და კვებას. ხელისუფლება კი სულ უფრო ხშირად მიმართავს ძალადობას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში.

2006 წლის 27 მარტს სპეცდანიშნულების ძალებმა ავტომატებით დაცხრილეს უიარაღო პატიმრები თბილისის მე-5 საპყრობილეში რის შედეგად სულ ცოტა 7 ტუსაღი დაიღუპა. 2005 წლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი გამოასალმეს სიცოცხლეს უხეირო სპეცოპერაციების შედეგად. მარტო 2006 წელს მათ 17 ეჭვმიტანილი მოკლეს. ერთ-ერთი მათგანის სხეული 50 ტყვიით იყო დაცხრილული. 2006 წლის 27 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ საქართველოს ბანკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის 28 წლის სანდრო გირგვლიანის ნაწამები ცხედარი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში აღმოაჩინეს. 2006 წლის ივლისში ამ საქმესთან დაკავშირებით სქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მაგრამ საზოგადოების აზრით ამ მკვლელობის ნამდვილი ორგანიზატორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, გადაურჩნენ პასუსგებაში მიცემას. 29 ივლისს პოლიციამ საქრთველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი დააპატიმრა, უკანონო სახალხო ლაშქრის ხელმძღვანელის ემზარ კვიციანისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის აღმოჩენის ბრალდებით, თუმცა დღემდე გაურკვეველია რაში მდგომარეობს ამ პიროვნების დანაშაული. ირაკლი ბათიაშვილი ხომ თავის პოზიციას საჯაროდ გამოხატავდა სატელევიზიო გადაცემებში, რაც სიტყვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია.

ქართველი ადამიანის უფლებათა დამცავები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. საქრთველოს ყოფილმა თვდაცვის მინისტრმა 2006 წლის იანვარში ახალგაზრდა იურისტთ ასოციაციის ხელმძღვანელობა პოლიტიკანობასა და 12 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამავე წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში მივიდნენ და მის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ.

2006 წლის მაისში გაეროს კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოში სამართალდამცავების მიერ ეჭვმიტანილთა წამების, საკუთარი ძალაუფლების გადამეტების და სხვა დაუშვებელი მოქმედების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნეს რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად ამ თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავაც უმძიმესი მდგომარეობა აღინიშნება. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ამ სფეროში მეზობელ რუსეთში, რომლის ხელისუფლება ენერგო რესურზებზე გაზრდილი ფასების გამო სულ უფრო ხშირად ათამაშებს კუნთებს და საქრთველოს და უკრაინის დემოკრატიული მთავრობების დამხობას ცდილობს.

კრემლი კვლავაც აგრძელებს თავის ბინძურ პოლიტიკას ჩეჩნეთში, სადაც პუტინის მომხრეები დაუსჯელად იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ მათ და ამის შემდეგ ეს ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებიან. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას ამხელდა დღემდე უცნობმა ტერორიტებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ადამიანის უფლებათა დამცავები რუსეთში ქსენოფობიის და რასიზმის აღორძინების შესახებ იტყობინებიან, სადაც 2006 წლის განმავლობაში ამ ნიადაგზე 36 კაცი მოკლეს და 286 სასტიკად სცემეს და დაასახიჩრეს.

სექტემბერში ქალაქ კონდოპოგაში რუსი რასისტები კავკასიელებს დაერივნენ და ბევრი მათგანი აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. რუსეთის მილიცია ხშირად ქსენოფობიის და რასიზმის გამოვლინებას უბრალო ხულიგნობად აფასებს, ამიტომ ძნელდება ამ შემთხვევების აღრიცხვა რუსეთში. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების ფონზე კრემლმა ათასობით ქართველი გამოყარა ქვეყნიდან სხავდასხვა საბაბით. დაკეტა ქართველების კუთვნილი ბიზნესები და მასწავლებლებს ქართველი ბავშვების გვარების აღრიცხვა დაავალა მათი ოჯახების დეპორტაციის მიზნით. მიუხედავად ამისა მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა რუსეთი დიდი რვიანი ხელმძღვანელად აირჩიეს და არაფერს აკეთებენ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG