ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალელი ოსები „სადისტური რეჟიმის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ


ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ნაწამები ცხედარი 28.08.2020
ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ნაწამები ცხედარი 28.08.2020

რუსეთის მიერ „ცხინვალის რეგიონის“ „დამოუკიდებლობის“ ცნობიდან 12 წლის თავზე, ადგილობრივ რეჟიმს თავად ოკუპირებულ ანკლავში მცხოვრები ოსები „სადისტურ-ფაშისტურს“ და „ქართველებზე უარესს“ უწოდებენ. ოსური საზოგადოების მორიგი აღშფოთება ცხინვალელი ინალ ჯაბიევის სასტიკმა მკვლელობამ გამოიწვია.

ცხინვალში სეპარატისტების ლიდერის ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ 29.08.2020
ცხინვალში სეპარატისტების ლიდერის ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ 29.08.2020

28 წლის ინალ ჯაბიევი, სამი შვილის მამა, ოსურმა ОМОН-მა 26 აგვისტოს დაიჭირა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ „აღიარების დღეს“ ზეიმობდნენ. ჯაბიევს შიდასეპარატიტული გარჩევების დროს, ადგილობრივ „შსს მინისტრ“ იგორ ნანიევზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულს ორი დღის მანძილზე სასტიკად აწამებდნენ, 28 აგვისტოს ჯაბიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ჯაბიევის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ მორგიდან გარდაცვლილის გვამის გადასვენების უფლება მიეღოთ. ამის უფლებას ОМОН-ი არ აძლევდათ, რომელსაც საავადმყოფო ალყაში ჰქონდა მოქცეული.

ОМОН-თან დაპირისპირების გამო დააკავეს ჯაბიევის ძმა და კიდევ რამდენიმე ნათესავი. საბოლოოდ, რეჟიმი იძულებული გახდა ცხედარი გადაეცა. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ფოტოები სოციალური ქსელით ელვისებურად გავრცელდა, ცხინვალში მძლავრი საპროტესტო ტალღა აგორდა.

სეპარატიტების ლიდერი ანატოლი ბიბილოვი თავის გადარჩენის მიზნით იძულებული გახდა ჯერ „შსს მინისტრი“ ნანიევი მოეხსნა, შემდეგ კი „პრემიერის“ ჩათვლით, ე.წ „მთავრობა“ სრული შემადგენლობით დაეთხოვა. ოკუპირებულ ცხინვალში უკვე ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ. ოსები სოციალურ ქსელში ცხინვალის რეჟიმს „ფაშისტურს“ უწოდებენ

სოციალურ ქსელში ცხინვალელების გამოხმაურება ჯაბიევის მკვლელობაზე
სოციალურ ქსელში ცხინვალელების გამოხმაურება ჯაბიევის მკვლელობაზე
ასეთი მმართველებით, მტრებიც კი არ გვჭირდება, ქართველებზე უარესები არიან
ანატოლი ჯუსოევი, ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი

ალან ცხურბათი: „იქედან გამომდინარე თუ რა ხდება ჩემს პატარა სამშობლოში, ვალდებული ვარ დავადასტურო, რომ 2008 წელს, მაინც ფაშისტებმა გაიმარჯვეს. სხვა შემთხვევაში რთულია ასეთი ანტიხალხური მოქმედების ახსნა.

ანატოლი ჯუსოევი: „ასეთი მმართველებით, მტრებიც კი არ გვჭირდება, ქართველებზე უარესები არიან.“

ანნა: "აჰა, თქვენ ოსეთის დამოუკიდებლობა", რაც უნდათ იმას სჩადიან, ცხოვრობენ საკუთარი კანონებით და წესებით."

ცხინვალის ე.წ „შსს მინისტრზე" 17 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის გამო, რა დროსაც ნანიევის ავტომობილს მიტოვებული სახლიდან ესროლეს, ჯაბიევთან ერთად, ОМОН-მა ასევე დააკავა და აწამა ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი და გერსან ყულუმბეგოვი. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ცხოვრებოვის ტანზე არსებული დაზიანების ამსახველი ფოტოებიც.

ცხინვალში კიდევ ერთი ნაწამები პატიმარი ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი
ცხინვალში კიდევ ერთი ნაწამები პატიმარი ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი

წამების კვალის დაფარვის მიზნით, ცხოვრებოვი გუშინ მცირე ხნით, ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციიდან, დაბა ყორნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, დაკავებულის მდგომარეობა დამძიმდა და ისევ ცხინვალში დააბრუნეს.

მეორე დღეა ოკუპირებულ ცხინვალში სტიქიური მიტინგი არ წყდება, ხალხი ბიბილოვთან ერთად, „ე.წ. „გენერალური პროკურორის“ მოხსნასაც ითხოვს. რეჟიმი დღეს იძულებული გახდა, ცხოვრებოვიც და ყულუმბეგოვიც „გაუსვლელობის ხელმოწერით“ გაეთავისუფლებინათ. ანკლავში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ „საქმეზე“ კიდევ ერთი მოქალაქე გენადი კულაევიც აწამეს.

ამ დროისთვის, ცხინვალში არავინ დაუკავებიათ, "ოსური მილიციის" რვა "თანამშრომელს" კი ფორმალურად უფლებამოსილება შეუწყვიტეს. ცხინვალელი სეპარატისტი ოლეგ თეზიევი, რომელიც 1991-93 წლებში, ანკლავში ე.წ. „პრემიერის“ პოსტს იკავებდა, ჯაბიევის მკვლელობას ასე გამოეხმაურა:

მცხვენია ყველა ჩვენგანის გამო, რომლებმაც ნება მივეცით ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ. მცხვენია ჩვენი უმოქმედობის გამო, იმ დროს, როცა ჩვენს თვალწინ ხელისუფლება დიდ საროსკიპოდ გადაიქცა. მცხვენია იმის გამო, რომ ინალ ჯაბიევის წამება დავუშვით
ოლეგ თეზიევი, ოკუპირებული ანკლავის ყოფილი "პრემიერი"

„მე მეშინია და მცხვენია. მცხვენია ყველა ჩვენგანის გამო, რომლებმაც ნება მივეცით ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ. მცხვენია უმოქმედობის გამო, იმ დროს, როცა ჩვენს თვალწინ ხელისუფლება დიდ საროსკიპოდ გადაიქცა. მცხვენია იმის გამო, რომ ინალ ჯაბიევის წამება დავუშვით“ - წერს ოლეგ თეზიევი.

2018 წელს, ოკუპირებულ ცხინვალში, ანალოგიურად, სასტიკი წამებით მოკლეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი.

იგი 22 თებერვალს, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ტატუნაშვილსაც ჯაბიევის მსგავსად, რამდენიმე საათის მანძილზე აწამებდნენ, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის დროს იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ინალ ჯაბიევის ცხედარი ცხინვალის მორგში
ინალ ჯაბიევის ცხედარი ცხინვალის მორგში

23 თებერვალს მოკლული ტატუნაშვილის ცხედარი რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს, მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადასცა. რუსეთში, დონის როსტოვში ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცინიკურ დასკვნაში კი ეწერა, რომ თითქოს „ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა და "ღვიძლის ცეროზით და ქრონიკური ჰეპატიტით იყო დაავადებული“.

ოფიციალურმა თბილისმა ტატუნაშვილის ორ მკვლელზე დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოცხადა, თუმცა ისინი დღემდე ცხინვალის რეჟიმის სამსახურში არიან.

ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა 2018
ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა 2018

მანამდე, 2014 წლის ივნისში, ოკუპირებულ ახალგორში, "ოსურმა მილიციამ" დაკითხვის დროს წამებით 19 წლის დავით ბაშარული მოკლა . ცხედარს ოჯახის წევრები და თანასოფლელები 6 თვის განმავლობაში ეძებდნენ, ოკუპანტები კი ოჯახს ცინიკურად არწმუნებდნენ, რომ თითქოს იგი საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე იყო მიმალული.

ოკუპირებულ ახალგორში წამებით მოკლული დავით ბაშარული
ოკუპირებულ ახალგორში წამებით მოკლული დავით ბაშარული

საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარულის გვამი მხოლოდ 2015 წლის თებერვალში გამოაჩინა, ძლიერ დაზიანებული ცხედარი ოკუპირებული სოფელ დოლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდეს, იმ "ვერსიის" გასამყარებლად, რომ თითქოს ბაშარულმა თავი მოიკლა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი საზარელი ვიდეოკადრები 2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა, კადრებში, კარგად ჩანს, ოსური ОМОН-ის ბოევიკები ადამიანებს ჯგუფურად როგორ სცემენ, თუმცა მაშინ ბიბილოვის რეჟიმმა თავის დაძვრენა მოახერხა და ანკლავში „ძალაუფლება“ შეინარჩუნა.

პატიმრების წამების ვიდეოკადრები ცხინვალის ციხეში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG