ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მარშალის გეგმა" 2.0


1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების კონგრესმა მარშალის გეგმის სახელით ცნობილი დოკუმენტი მიიღო. მისი მიზანი ომით განადგურებული ევროპის აღდგენა და განვითარება იყო.

მარშალის გეგმის მიღებიდან 70 წელი გავიდა. რა გავლენა იქონია ამ დოკუმენტმა ისეთი ევროპის შექმნაზე, რომლისკენაც დღეს საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები მიისწრაფიან?

პირველად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამერიკის მსოფლიო ლიდერობა
მიშელ ნანი, "ქეა საერთაშორისო"

სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეზოში წარმოთქმული სიტყვით დაიწყო მუშაობა გეგმაზე, რომელსაც დღეს ავტორის სახელით მოიხსენიებენ და რომელიც, ბევრი ექსპერტის შეფასებით, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ყველა დროის უდიდეს მიღწევად ითვლება.

ევროპის აღდგენის პროგრამის მიზანი ნაომარი კონტინენტის გაძლიერება იყო. ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტ ტრუმანის ადმინისტრაციის მიერ, ამ გეგმით ჩამოყალიბდა ევროპა ისეთი, როგორიც ის დღესაა - თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობინი.

„მარშალის გეგმამ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. ეს არ იყო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, ის ასევე მოიცავდა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ევროპის გეო-პოლიტიკური ინტეგრაციის გეგმა. ასე ჩამოყალიბდა ტრანს-ატლანტიკური პარტნიორობა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო", ამბობს მიშელ ნანი, "ქეას" აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, მარშალის გეგმა არის მაგალითი ამერიკის ლიდერობის, მეგობრობის და პარტნიორობის, ასევე მაგალითი ევროპასთან ჩართულობის.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მარშალის გეგმამ ევროპა გარდაქმნა, გარდაქმნა მისი ეკონომიკა და ის განვითარების გზას დააყენა. პირველად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამერიკის მსოფლიო ლიდერობა. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ რა იყო მარშალის გეგმა, რა იყო მისი მიზანი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის და როგორ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. უნდა გვახსოვდეს ის სტრატეგიული ღირებულებები, რომელსაც ამერიკა უნდა განასახიერებდეს.“

რუსეთის ჯარების საქართველოში შეჭრა იყო ხმამაღალი მაღვიძარა ევროპისთვის და ნატოსთვის"
ჯონ ალენი, "ბრუკინგსის ინსტიტუტის" პრეზიდენტი

კონგრესში კენჭისყრამდე მარშალის გეგმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა "ბრუკინგსის ინსტიტუტს" გაუგზავნა და რეკომენდაციები თხოვა. კონგრესმა ექსპერტების შეფასებები გაითვალისწინა და გეგმა დაამტკიცა.

"ბრუკინგსის ისნტიტუტის" ამჟამინდელი პრეზიდენტი და გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ალენი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრით ახალი "მარშალის გეგმის" საჭიროება დადგა.

„რუსეთის ჯარების საქართველოში შეჭრა იყო ხმამაღალი მაღვიძარა ევროპისთვის და ნატოსთვის. ჩვენ ვნახეთ, როგორ ცვლის დესპოტი და აგრესიული რევანშისტი პოლიტიკური ერთეული ორი სუვერენული ქვეყნის საზღვრებს ძალისმიერად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, და იმედი მაქვს, რომ ეს ბრიუსელის სამიტზეც იქნება ხაზგასმული, ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვის და უკრიანისთვის. ეს კარი ღია რჩება", ამბობს ალენი.

მისი შეფასებით, ამერიკის მიერ საქართველოს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ეს სწორი ნაბიჯი იყო ჩვენგან - როგორც ქვეყნისგან და ასევე, ჩვენგან - როგორც ნატოს დროშის ქვეშ მოქმედი დიდი კოალიციისგან. რუსეთის სტრატეგიული ჩარევის ოპერაციებს ევროპასა და ამერიკაში მკაცრად უნდა ვუპასუხოთ, რადგან დასავლეთ ევროპის და ტრანს-ატლანტიკური სიძლიერე ჩვენს საერთო ღირებულებებზე დგას“, დასძენს ალენი.

"ევროპის დასახმარებლად შეერთებულ შტატებს ბევრის გაკეთება შეუძლია, ამ ქვეყნის როლი უნდა იყოს მეგობრული დახმარება და აქ პოლიტიკური დაყოფების ადგილი არ არის" - ამ სიტყვებით მიმართა მარშალამა ჰარვადრის უნივერსიტეტში შეკრებილებს. მაშინ, სახელმწიფო მდივანმა გეგმის აუცილებლობა ისტორიული პასუხისმგებლობით ახსნა, რომელიც, მისი თქმით, ამერიკას აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG