ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიბლი: "რუსეთის კლეპტოკრატია ზუსტად იმდენად იქნება წარმატებული, რამდენადაც სუსტად დავხვდებით ჩვენ მას"


ნეით სიბლი, "ჰადსონის ინსტიტუტი"
ნეით სიბლი, "ჰადსონის ინსტიტუტი"

„კლეპტოკრატიული რეჟიმები კორუფციას იყენებენ როგორც კონტროლის მექანიზმს შინ და გავლენის იარაღს უცხოეთში“ - ეს არის ვაშინგტონში მდებარე „ჰადსონის ინსტიტუტის“ ბოლო კვლევის დასკვნა, რომელიც რუსულ კლეპტოკრატიას და მასთან ბრძოლას ეძღვნება.

კლეპტოკრატიის გამოვლინებებზე და მასთან გასამკლავებელ გზებზე "ამერიკის ხმა" კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ნეით სიბლის ესაუბრა.

ნეით, თქვენ "ჰადსონის ინსტიტუტში" კლეპტოკრატიას იკვლევთ. ვინ არის დღეს კლეპტოკრატი?

კლეპტოკრატი არის პოლიტიკური გავლენის მქონე წრის წევრი, არ არის აუცილებელი მას მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ეჭიროს. ეს არის ადამიანი, ვისაც გავლენაზე და ფულზე მიუწვდება ხელი და კორუფციულად მოპოვებულ ფულს გლობალური ფინანსური სისტემების მეშვეობით იყენებს.

კლეპტოკრატებში არ ვგულისხმობთ საგზაო პოლიციელს, რომელიც მძღოლებისგან ჯარიმის სანაცვლოდ ქრთამს იღებს.

კლეპტოკრატები არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მოსამართლეები, ყველა, ვინც კორუფციული მმართველობის ნაწილია და მდგომარეობის გამოყენებით შოულობს ფულს, შემდეგ კი ამ ფულს სხვა ქვეყანაში აბანდებს.

თქვენ იკვლევთ რუსულ კლეპტოკრატიას დასავლეთში. როგორ დაახასიათებდით მას? რითია ის გამორჩეული?

რუსეთს ყოველთვის ჰქონდა კორუფციის პრობლემები. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ რუსეთი გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდა. ამავდროულად ხდებოდა ვლადიმირ პუტინის აღმავლობა. მისმა წრემ მოახერხა მთავრობის ხელში ჩაგდება, მისი მეგორბების წრე კრიმინალური დაგჯგუფების კარგი მაგალითია. მათი გავლენა რუსეთს გასცდა.

კლეპტოკრატები არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მოსამართლეები, ყველა, ვინც კორუფციული მმართველობის ნაწილია და მდგომარეობის გამოყენებით შოულობს ფულს

დღეს რუსეთის კორუფციის მაგალითებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წააწყდებით. ლონდონის ცენტრში უძრავი ქონების დიდი ნაწილი რუსული კორუფციული ფულითაა შეძენილი, ბალკანეთში რუსული ფული ტრიალებს საარჩევნო პროცესში, შეერთებულ შტატებში ვნახეთ რუსული ფულის გამოყენება საპრეზიდენტო არჩენებში ჩასარევად.

რუსული კლეპტოკრატია დიდი მოვლენაა. თუმცა ეს მარტო რუსეთს არ ეხება. არ მეგულება არც ერთი ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც, ამავდროულად, კლეპტოკრატიული არ არის. ავტორიტარული მთავრობა კორუფციული ეკონომიკით და საფინანსო სისტემებით ხასიათდება.

როცა რუსულ კლეპტოკრატიაზე ვსაუბრობთ, დაახლოებით, რამხელა ჯგუფზე ვსაუბრობთ?

ის დაიწყო პატარა ჯგუფით, პუტინის სამეგობროთი პეტერბურგში, შემდეგ ამ ჯგუფმა მოსკოვში გადაინაცვლა.

პუტინი ამ ჯგუფს ეყრდნობა პოლიტიკურად და ამავდროულად ენდობა, რადგან არსად, არც ერთი ქონება მის სახელზე არ არის.

თქვენს ბოლო ანგარიშში წერთ, რომ კლეპტოკრატიული რეჟიმები კორუფციას იყენებ, როგორც კონტროლის მექანიზმს შინ და გავლენის იარაღს უცხოეთში. რა სახის გავლენას გულისხმობთ?

რუსეთი ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, საარჩევნო კამპანიებში, აფინანსებს დეზინფორმაციას და მედია საშუალებებს, რომლებიც დამაბნეველ ინფორმაციას ავრცელებენ.

გარდა ამის, რუსი ოლიგარქები დიდძალ თანხებს დებენ დასავლეთის ქვეყნების ბიზნესებში. ისინი მოპარულ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ რუსეთს და პუტინს კარგი იმიჯი შეუქმნან. მათ მოაქვთ კორუფციულად მოპოვებული ფული, ამიტომაც ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. კორუფციული ფული დასავლური ინსტიტუტების რყვნას იწყებს.

თქვენ ასევე ამბობთ, რომ რუსული კლეპტოკრატია არ უნდა შევაფასოთ აქამდე მიღწეული მიზნების მიხედვით. რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი შეფასებისას?

დოქტრინა იქნებოდა კლეპტოკრატიის პრობლემის და მასშტაბის აღიარება, რომელიც იტყოდა, რომ რუსული კლეპტოკრატია ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთის კლეპტოკრატია ზუსტად იმდენად იქნება წარმატებული, რამდენადაც სუსტად დავხვდებით ჩვენ მას. მისი წარმატება დამოკიდებულია ჩვენს სისუსტეზე და საკანონმდებლო ხარვეზებზე. ამიტომაც, ახლა კლეპტოკრატიის წარმატებას კი არა, ჩვენს სისუსტეებს უნდა ვზომავდეთ.

ხარვეზები გვაქვს კანონებში. შეერთებულ შტატებში, არავინ, მათ შორის არც იუსტიციის დეპარტამენტმა, არ იცის თუ ვინაა აქ რეგისტრირებული კომპანიების მფლობელი. კომპანიის დარეგისტრირებისას ადამიანს არ მოეთხოვება მფლობელის გამხელა. ეს დიდი ხარვეზია. ასევე დიდი პრობლემაა ფულის გათეთრება.

თუ კლეპტოკრატიასთან გამკლავება გვსურს, ანონიმური მფლობელობის დასრულებით უნდა დავიწყოთ.

ჰადსონის ინსტიტუტი გამოვიდა ინიციატივით გამკაცრდეს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი - ფარა, კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს?

ფარა 1930-იან წლებში ნაცისტური პამფლეტების გავრცელების წინააღმდეგ შემოიღეს. ის მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. დღეს, როცა მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაცია ონლაინ ხელმისაწვდომია, ფარას მექანიზმი ეფექტური არ არის.

გლობალურ ციფრულ სამყაროში უფრო ეფექტური მონაცემთა ბაზაა საჭირო იმის სანახავად, თუ ვინ მუშაობს უცხოეთის მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის.

თქვენ ასევე გამოხვედით ინიციატივით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადოს კლეპტოკრატიასთან ბრძოლის დოქტრინა. რას უნდა მოიცავდეს ის?

ეს იქნებოდა ძლიერი მესიჯი ადმინისტრაციის მხრიდან. შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც რუსეთს და ჩინეთს აღიარებს ქვეყნებად. რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ მიისწრაფვიან.

ჩვენი ხედვით, დოქტრინა იქნებოდა კლეპტოკრატიის პრობლემის და მასშტაბის აღიარება, რომელიც იტყოდა, რომ რუსული კლეპტოკრატია ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და მას უნდა გავუმკლავდეთ.

ეს დოქტრინა მოიცავდა შეერთებული შტატების მიერ კლეპტოკრატიის გამოსავლენად და ღმოსაფხვრელად რესურსების გამოყოფას.

რეალისტურია ამის მოლოდინი?

ჩვენს ანგარეიშში არაფერია არარეალისტური. ჩვენ არ გვაქვს, მოლოდინი, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოხდება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ შიდა პოლიტიკის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია ხვალ კლეპტოკრატიის წინააღმდეგ სტრატეგიას წარადგენს. მაგრამ გრძელვადიანად არარეალისტური არაფერია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG