შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა. 63 გვერდიანი დოკუმენტი იმეორებს პრეზიდნეტ ტრამპის საარჩევნო სლოგანს „ამერიკა პირველ რიგში“ და ამბობს, რომ „ძლიერი ამერიკა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ ყველას ინტერესებშია, ვისაც საერთო ინტერესებისთვის, ღირებულებებისთვის და მისწრაფებებისთვის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა“ სურს.
დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად ასახელებს რუსეთს. შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობებზე ნანა საჯაია ბაიდენის ცენტრის დირექტორს, მაიკლ კარპენტერს ესაუბრა.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ჩინეთს და რუსეთს აღიარებს ამერიკის გამოწვევებად, ქვეყნებად, რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ ისწრაფვიან. როგორ აფასებთ ამ ფორმულირებას?
ვფიქრობ, ეს სწორი დახასიათებაა. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორი ნადია შადლოვია, ის განსაკუთრებულად მცოდნე, დიდი გამოცდილების მქონე, ჭკვიანი ადამიანია. მას აქვს ყველა უნარი მსგავსი დოკუმენტი შექმნას. სწორი მიდგომაა რუსეთი და ჩინეთი განიხილო როგორც მსოფლიო წესრიგის შემრყევი ძალები.
რუსეთთან მიმართებით, რა უნდა იყოს შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიის პრიორიტეტებში?
რუსეთთან მიმართებით მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს იმის ჩვენება, რომ რუსეთს რევანშისტული ქმედებებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ამის გრძელვადიანი შედეგი ის უნდა იყოს, რომ კრემლს ეს ძვირი დაუჯდეს. ამ გზით, რუსეთი ნახავს, რომ მას სამხედრო თავგადასავლები მომავალში არ გაუვა.
როცა საფასურზე საუბრობთ, აქ მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს მოიაზრებთ თუ სხვა მეთოდებსაც?
არა, მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს არ ვგულისხმობ. შეერთებულ შტატებს და ნატოს რუსეთის სამეზობლოში სხვა უპირატესობების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოსა და უკრაინაში არის საწვრთნელი პროგრამების საჭიროება, რასაც ჩემი პენტაგონში ყოფნისას ვაკეთებდით. ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, საჭიროა დიპლომატიური წნეხი. რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
გასულ კვირას თქვენ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად წერილი გამოაქვეყნეთ, სადაც რუსულ პროპაგანდაზე საუბრობთ და ამბობთ, რომ დასავლეთმა უნდა იმოქმედოს. თქვენ ასევე ამბობთ, რომ ცივი ომის შემდეგ პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვის დასავლური დემოკრატია მისაბაძი მაგალითი იყო. თქვენი აზრით, ბრექსიტის, მიგრანტთა კრიზისის, ამერიკაში არსებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, დასავლეთი ისევ ინარჩუნებს ამ უპირატესობას?
კრემლი ცდილობს გაავრცელოს მესიჯი, რომ ლიბერალური დემოკრატია 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად საუკეთესო მოდელი არ არის; რომ არსებობს სხვა მოდელებიც, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას იცავს. ამავე მესიჯს, სამწუხაროდ, ზოგიერთი დასავლელი ლიდერიც იმეორებს. მაგალითად, იგივეს ამბობს უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი.
ეს მცდარი მიდგომაა, ლიბერალური დემოკრატია გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მყარი მოდელია. მოკლე ვადებში კი თავს იჩენს ისეთი გამოწვევები რომლებიც თქვენ ახსენეთ - მიგრაცია, ბრექსიტი, კატალონიის მოვლენები, მემარჯვენე პოპულიზმის ზრდა ევროპაში, ყველა ეს გამოწვევა რეალურია, მაგრამ მჯერა რომ ლიბერალური დემოკრატია უფრო გამძლე და ამტანი მოდელია.
იმავე სტატიაში თქვენ წერთ, რომ რუსეთის დემოკრატიულ, სტაბილურ სახელმწიფოდ გარდაქმნის ოცნება რეალობისგან ასე შორს ცივი ომის შემდეგ არასდროს ყოფილა. თქვენ გჯერათ რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის?
ეს ოცნება ისევ არსებობს. არ მჯერა, რომ რუსეთი დაწყევლილია დარჩეს ავტორიტარულ სახელმწიფოდ. მე ამისი უბრალოდ არ მჯერა. ეს ოცნება ახლა უფრო შორს დგას რეალობისგან, ვიდრე ოდესმე და ამის მიზეზი პუტინის მიერ რეპრესიული ძალაუფლების კონსოლიდაციაა.
ახლა რუსეთში სტაგნაციის დროა, დემოკრატიულ გარდატეხებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდეთ. მაგრამ მოვა დრო, როდესაც ლიდერშიპი შეიცვლება, სამოქალაქო საზოგადოება გაიზრდება და შესაძლოა რუსეთიც შეიცვალოს.
არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ რუსეთი, თავისი ისტორიის და წარსულის გამო, ყოველთვის ავტორიტარული სახელმწიფო იქნება. ჩვენ გვაქვს სხვა ავტორიტარული რეჟიმების ნგრევის მაგალითები.
თქვენ საუბრობთ იმ მეთოდებზე, რომლებსაც კრემლი დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული სისტემების შესასუსტებლად იყენებს. ეს მეთოდები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა. კომუნიკაციის და ტექნოლოგიური მეთოდების გარდა, კიდევ რითი განსხვავდება კრემლის პროპაგანდა ცივი ომის დროინდელი საბჭოთა პროპაგანდისგან?
ცივი ომის დროინდელ საბჭოთა კავშირს და დღევანდელ რუსეთს შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ დღეს არ გვაქვს იდეოლოგიური შეჯიბრი. რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა, მაგრამ ცდილობს თავი დემოკრატიად წარმოაჩინოს.
რუსეთს აქვს დუმა, ფორმალურად არსებობს ოპოზიცია, არსებობს მცდელობები, რომელთა მიზანიც რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოჩენაა.
ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ახალი მეთოდები, როგორიცაა ფეისბუქი, ტვიტერი და სხვა ქსელები, სადაც რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს. თუმცა დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი ყველაზე ეფექტურად კორუფციას იყენებს, რომელიც მეტასტაზებივით ედება დასავლეთის ქვეყნებს. ამ გზით მოსკოვს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობა შემოაქვს.
ძალიან ხშირად დასავლეთი საპასუხო რეჟიმში მოქმედებს და რუსეთის ქმედებებზე რეაგირებს. კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა იმისთვის, რომ უფრო პრო-აქტიური იყოს?
დასავლეთმა, პირველ რიგში, რუსეთს აგრესიისთვის საფასური უნდა გადაახდევინოს, მათ შორის, ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის, რაზეც ობამას ადმინისტრაციას არასაკმარისი, მაგრამ რაღაც რეაქცია ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაცია ამ ჩარევას მთლიანად უარყოფს.
დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მოახერხონ მათ შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის შემცირება. რუსეთის დეზინფორმაციაზე ჩვენს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. როცა დეზინფორმაცია წესებს არღვევს ან ძალადობრივია, ის უნდა აღვკვეთოთ - იქნება ეს ტროლები, სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები, ბოტები თუ სხვა.