შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ჩრდილოეთ კორეაზე საუბრობს. ირანში ხალხის პროტესტზე მან "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანელი ხალხი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. შეერთებული შტატები არ აიძულებს მათ გააკეთონ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც თავად არ უნდათ. ჩვენ არ ვერევით, რადგან შემდეგ ირანის მთავრობა იტყვის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და [ამის გამო] ეს არ არის ირანელი ხალხის პროტესტი," განაცხადა სენატორმა კარდინმა.
მან ასევე ისაუბრა ბარაკ ობამას ადმინისტრაციი სმიერ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ემიჯნება. სენატორის თქმით, ადმინისტრაცია და სენატი ამ საკითხზე ერთად მუშაობს:
"პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხზე თავისი შეხედულება უკვე გამოხატა. მას მიაჩნია, რომ შეთანხმება უფრო ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ მივუთითეთ, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე. ახლა ადმინისტრაციასთან ვმუშაობთ იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა ზოგიერთი პირობის შეცვლა ერთობლივი სიღრმისეული სამოქმედო გეგმის დარღვევის გარეშე."
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და ქვეყნის ლიდერის მიერ გაკეთებულ მუქარას, სენატორის შეფასებით კიმ ჩენ უნის მოქმედებები სახიფათოა:
"ცხადია, რომ ისინი ბირთვულ იარაღს ქმნიან. ახლა ის ცდილობს გამონახოს ფორმა შეერთებული შტატების შესაშინებლად. ამ საკითხზე ჩრდილოეთ კორეამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია დაარღვია, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოებამ მას სანქციები დაუწესა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა და საამისოდ დიპლომატია გამოვიყენოთ, რადგან ვითარებიდან სამხედრო გზით გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ გვსურს ჩრდილოეთ კორეაზე შევინარჩუნოთ წნეხი, რათა მან არჩეული კურსი შეცვალოს, რაც გულისხმობს, რომ საამისოდ შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ კრიზისის დასაძლევადმ," განაცხადა სენატორმა.
Facebook Forum