დღეს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტელეფონზე ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე კეილ ბრაუბმა დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პომპეომ და გახარიამ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის და კოვიდ-19-ის პანდემიაზე ახლო კოორდინირებული რეაგირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„[სახელმწიფო] მდივანმა პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ამ ოქტომბერს, აღნიშნა რა, რომ თანასწორი გარემოს შექმნა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი [ნაწილია]. მან შეაქო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომლებიც აწესებს ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ხაზი გაუსვა ცოტა ხნის წინ მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით აღსრულებას,“ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ გახარიას „მოუწოდა ძალისხმევის გაგრძელებისკენ საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო ნაბიჯის.“ პომპეომ ასევე სიფრთხილისკენ მოუწოდა გახარიას, რათა მოხდეს „საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლარიზების“ თავიდან აცილება.
„[სახელმწიფო] მდივანმა პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები,“ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum