ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა შეწყვიტოს ოკუპაცია - ამერიკის ელჩი რუსეთის ქმედებებსა და დეზინფორმაციაზე განცხადებას აკეთბს


კრიზისში მყოფი რუსეთი ოკუპაციის პროცესს არ აჩერებს და საქართველოს ტერიტორიების შეღობვას აგრძელებს. ამასთან, კრემლთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

ამ თემებთან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.

"იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.

ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა,"- წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის ნაკადზეც საუბრობს. "არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის, სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ," აცხადების ამერიკის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობების პირებმა გუშინაც გამოუცხადეს, მაშინ როცა საქართველო და ქართველები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ.

განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, პენტაგონმა და კონგრესმენმა კინზიგერმა. კალიფორნიის შტატში კი სახელმწიფო შენობაზე სიმბოლურად გამოფინეს საქართველოს დროშა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG