ვაშინგტონში დაგეგმილი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესია გადაიდო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სესიის გადადების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
"სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება" - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
"გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, მისთვის მოსახერხებელ დროს.
საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კოვიდ-19-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ, ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა" - ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას, განხილულ საკითხებს შორის იყო მომავალი საპარლამენტი არჩევნები.
"მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
Facebook Forum