ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლული ჟურნალისტის საცოლე ამერიკის რეაქციით უკმაყოფილოა


მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლემ ჰატისე ჩენგიზმა განაცხადა, რომ დისიდენტი ჟურნალისტის სიკვდილზე ტრამპის ადმინისტრაციის პასუხი „მორალურ საფუძველს მოკლებული“ იყო. „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნებულ წერილში ის ამბობს: „ყველა ქვეყანაზე მეტად, შეერთებულ შტატებს უნდა გამოეჩინა ინიციატივა, რათა დამნაშავეები სამართალში მიეცათ. ამის ნაცვლად, ვაშინგტონში ზოგიერთი იმედოვნებს, რომ ეს საქმე, უბრალო დაყოვნების ტაქტიკის გამოყენებით, დავიწყებას მიეცემა.“

„ნიუ იორკ თაიმსმა“, ამ საქმეში ჩახედულ ორ ადამიანზე დაყრდნობით, პარასკევს გამოაქვეყნა, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, უფლისწულ მუჰამედ ბინ სალმანთან 9 ოქტომბერს შემდგარი საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, რომ უფლისწული ჟურნალისტ ხაშოგის საშიშ ისლამისტად მიჩნევდა და შესაბამისად ისიც იცოდნენ, რომ ბინ სალმანს მისი მოკვლის პოტენციური მოტივი ექნებოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის გეგმებში უფლისწული მთავარი ფიგურაა, ტრამპის ადმინისტრაციამ დაასკვნა, რომ მის ძალაუფლებას ვერ შეზღუდავდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კი პარალელურად აცხადებს, რომ შესაძლოა შეერთებულ შტატებს კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რათა ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დააკისროს. ხუთშაბათს, პომპეომ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დადებული პირობა, რომლის მიხედვითაც, ის „ამ საშინელი დანაშაულის“ ყველა მონაწილეს პასუხს აგებინებს.

მკვლელობაში ზოგიერთი ეჭვმიტანილი უფლისწულ ბინ სალმანთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. საუდის არაბეთის უფლისწულის მიერ დანაშაულის დაგმობამ, ჯერჯერობით ვერ შეარბილა ეჭვები, რომ სასტიკ მკვლელობაში ის ჩართული არ იყო, ან განკარგულება არ გაუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG