ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ლეგიონერები“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ


"პოზიცია" გორში
"პოზიცია" გორში

რესურსი, რასაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის ხარჯავს, არა მხოლოდ მასშტაბური, კომპლექსურიცაა. პროპაგანდის არქიტექტორებს კარგად აქვთ შესწავლილი ფობიები და სენსიტიური უბნები, რაც გარკვეულ რეზონანსის ეფექტს ქმნის იდენტობასთან შემხებლობაში. უკვე შესწავლილი და გამოკვეთილია რამდენიმე ნარატივი, რასაც რუსული პროპაგანდა ანტიდასავლური დისკურსის გასაძლიერებლად იყენებს. ასეთებია, მაგალითად, მითი ერთმორწმუნე უფროსი ძმის თაობაზე. ამ ნარატივის თანახმად, რუსეთი დასავლეთს (ევროკავშირსა და ამერიკას) სჯობს, რადგან ის მართლმადიდებელი აღმსარებლობის ქვეყანაა.

პროპაგანდისტული მანქანა ამ საკითხს ისე ფუთავს, თითქოს ევროპის ქვეყნები და აშშ ქრისტიანობას ებრძვიან და ამ საქმეში საქართველოს ჩათრევაც სურს, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ეს მითი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი ამქვეყნად რელიგია და რწმენაა, რაშიც საქართველო და რუსეთი ერთად უნდა იდგნენ საერთო, დასავლელი მტრის წინააღმდეგ.

სხვა, ასევე მძლავრად ფეხმოკიდებული მითი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ლგბტქ თემებთან მიმართებით გვხვდება. ეს ნარატივი შემდეგნაირად ვითარდება: დასავლეთს სურს საქართველოში წაახალისოს და გაზარდოს სექსუალური უმცირესობების რაოდენობა, დააკანონოს გეი ქორწინება, რაც წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან. ამ გზაზე მთავარი დამცველი და ფარი საქართველოსთვის კვლავ რუსეთია, რომელიც „ამოიცნობს“ დასავლეთის მზაკვრულ გეგმას და „არავის გაამართინებს გეი აღლუმებს“...

ანტიდასავლურ მითებზე საუბარი ამით, რა თქმა უნდა არ ამოიწურება. პროპაგანდას მრავალი პლასტი და შრე აქვს და ის კომპლექსურად მუშაობს. საქართველოში არაერთი კლასიკური და ახალი მედიაა დასახელებული პროპაგანდის ინსტრუმენტად. მართალია, მედიის განვითარების ფონდი, სამართლიანი არჩევნები და სხვა ორგანიზიები წლების განმავლობაში სწავლობენ და აქვეყნებენ კვლევებს პროპაგანდისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ, თუმცა ეს ხელს არ უშლის ამ უკანასკნელთა გაძლიერების, გამრავლებისა და გამრავალფეროვნების პროცესს.

თავდაცვის ლეგიონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატივი, რასაც პროპაგანდისტული მანქანა ინტენსიურად იყენებს, საქართველო-რუსეთის ომია. ამ ნარატივის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ის არ იქნებოდა, რომ არა რუსეთის ნების გაუთვალისწინებლობა. კერძოდ, საქართველო თუ უარს იტყვის ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და დაიწყებს პირდაპირ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან, ამით ოკუპაციის პრობლემა ამოიწურება. ეს მითი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შიდა ქართლში, სწორედ იმ რეგიონში, სადაც 12 წლის წინ რუსული ჭურვები ცვიოდა.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ ორგანიზაციის სახელია, რომელიც სპეციალურად იმ მიზნით შეიქმნა, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მითებს დაუპირისპირდეს. ორგანიზაციის პატარა გუნდი ამ დრომდე ონლაინ სივრცეში აქტიურობდა და სოციალური ქსელებით ცდილობდა ხმა იმ ადამიანებამდე მიეტანა, ვინც პროპაგანდის ფოკუს-ჯგუფში შეიძლება იყვნენ მოაზრებულნი, თუმცა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი მოლოდინი ამერიკის ხმასთან ამბობს, ეს არასაკმარისია. მისი აზრით, მხოლოდ ვირტუალური აქტიურობა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს, რადგან იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც რუსული პროპაგანდისტული საცეცები სწვდება, ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად აქვთ.

ამიტომ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა“ გაზეთის გამოცემა და მათი უსასყიდლოდ დარიგება გადაწყვიტა საქართველოს რეგიონებში და ეს ამბავი შიდა ქართლიდან დაიწყო.

„ლეგიონერები“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გორში ჩამოვიდნენ და პირველი ლოკაცია, სადაც მივიდნენ, სტალინის ქუჩაზე მდებარე სტალინის ბაღი გახლდათ. სტალინის ბაღი სტალინის მუზეუმის ირგვლივ გაშენებულ სკვერს ჰქვია გორში, ქალაქში, რომელიც 12 წლის წინ რუსული ჭურვებით იბომბებოდა. უფასო გაზეთს გორელები ტრადიციული სკეპტიციზმით ეცნობოდნენ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 26 მაისს გორში ვყოფილიყავით და ჩვენი გაზეთის, რომელსაც „პოზიცია“ ჰქვია, დარიგება გორიდან დაგვეწყო. ჩვენთვის ეს სიმბოლურია ბევრი მიზეზის გამო, მათ შორისაა ისიც, რომ შიდა ქართლი საქართველოს გულია და ამასთანავე, აქ გადის ფრონტის ხაზი. რაოდენობრივადაც და შინაარსობრივადაც აქ, ყველაზე მეტად დაჩაგრული ხალხი ცხოვრობს იმ ძალისგან, რომელიც ბოლო 200 წელია გვკლავს, გვამცირებს, გვაჩანაგებს, გვანადგურებს.

პარადოქსულია, მაგრამ იმის თქმაც გვიხდება, რომ სწორედ ეს მხარე და ეს რეგიონი ითვლება განსაკუთრებულად მოწყვლადად რბილი ძალისა და რუსული პროპაგანდის მიმართ. რუსული პროპაგანდა რაღაც მანქანებით ახერხებს ამ ადამიანების გულებისა და ახლა უკვე გონების ოკუპაციასაც. არ კმარა რა მათი სახლების ოკუპაცია, ახლა იწყებს მათი ტვინების ოკუპაციას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინტერნეტ სივრცეში აქტიურობა უნდა გადმოვიტანოთ ფიზიკურ დომეინშიც, ჩვენ უნდა მივწვდეთ მათ და შევავსოთ ის სიცარიელეები, რასაც ხანდახან, ჩვენს მაგივრად ავსებს ჩვენი მოწინააღმდეგე“,- გვეუბნება გიორგი მოლოდინი.

გაზეთი „პოზიცია“ განსაკუთრებული დიზაინითაა დაკაბადონებული. ის, ერთგვარად, იმეორებს იმ სტილს, რომლითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილ-ტირაჟიანი პრორუსული გაზეთია ცნობილი. გიორგი მოლოდინი ამბობს, რომ ამით ისინი ცდილობენ მოქალაქეები არ დააფრთხონ - სთავაზობენ, ერთი შეხედვით, კარგად ცნობილ „პროდუქტს“, რომელიც, რეალურად მის საწინააღმდეგო შინაარსს ატარებს.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი თავისი გაზეთით ცდილობს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯერ სახლებში, შემდეგ კი მათ გულებში შეაღწიოს და წააკითხოს ამბები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა მათ მოტყუებას. „ლეგიონს“ პირველი ექვსი თვის გეგმა დეტალურად აქვს გაწერილი. მომავალ სტრატეგიას კი შედეგების შესაბამისად დაგეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG