ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო მარათონი აშშ-ში


რომნიმ ბარაკ ობამა საგარეო საკითხების მიმართ სისუსტეში დაადანაშაულა

ორშაბათს, რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიტ რომნიმ განაცხადა, რომ თუ მას ამერიკის მოსახლეობა პრეზიდენტად აირჩევს, იგი საერთაშორისო მნიშვნელობის ძლიერი სახელმწიფო მეთაური გახდება. ეს მოწოდება მიტ რომნიმ ვირჯინიის სამხედრო უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა და დემოკრატი ობამა საგარეო საქმეების მიმართ სისუსტეში დაადანაშაულა. პრეზიდენტ ობამას საარჩევნო შტაბი რომნის ამ გამოსვლას კრიტიკულად გამოეხმაურა.

მიტ რომნი ამერიკელებს ობამასგან განსხვავებულ და კონტრასტულ საგარეო პოლიტიკას ჰპირდება და ბარაკ ობამას გლობალური პოლიტიკის სუსტ მესაჭედ მიიჩნევს.

სამხედრო უნივერსიტეტში გამოსვლის დიდი ნაწილი მიტ რომნიმ ახლო აღმოსავლეთის საკითხებს დაუთმო და აღნიშნა, რომ ლიბიასა და სხვა არაბულ ქვეყნებში შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმა შემთხვევითი არ იყო. რომნის აზრით, ამ შემთხვევამ რეგიონში არსებული წინააღმდეგობა და ობამას სუსტი ხელმძღვანელობა გამოავლინა:

„გარკვევით ვაცხადებ, რომ ლიბიასა და სხვა ქვეყნებში ჩვენი ხალხის დახოცვა არა მარტო თავდამხსმელების, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხისმგებლობაცაა. მან უნდა გამოიყენოს ქვეყნის ძლიერება იმისთვის, რომ ისტორია შექმნას და შიგნიდან არ მართოს პროცესები. ის ადამიანები იქ ბედის ანაბარა იყვნენ დარჩენილები. ეს კი მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკას ბარაკ ობამა მართავდა.“

მიტ რომნი პირობას დებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ყოველთვის მხარს დაუჭერს და დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკულ ფასეულობებს სცემენ პატივს.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ეგვიპტელები გაამხნევა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისკენ და ისრაელთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მიტ რომნიმ პრეზიდენტი ობამა სირიის პროცესების მიმართ უსუსურ ქმედებებშიც დაანაშაულა. რომნიმ თავი შეიკავა იმის განცხადებისგან, რომ სირიელ მეამბოხეებს შეიარაღებაში დაეხმარება, თუმცა, პირობა დადო, რომ სირიის მომავალ მთავრობასთან ერთად ქვეყნის განვითარების საქმეში ითანამშრომლებს:

„მე ვითანამშრომლებ სირიის ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ამერიკელთა ფასეულობებს იზიარებს და ჩვენთან პარტნიორობა სურს. შემდეგ კი, საბრძოლო იარაღებით მოვამარაგებ, რათა ასადის რეჟიმი დაამხონ. ამისთვის არც ტანკებს, არც შევულმფრენებს და არც სამხედრო თვითმფრინავებს არ დავიშურებ.“

მიტ რომნიმ პრეზიდენტი ობამა ირანის ბირთვული პროგრამისადმი არასწორ პოლიტიკასა და ისრაელთან მცდარ ურთერთობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ობამამ ისრაელთან ურთიერთობის ისტორიაში ერთგვარი ბზარი შეიტანა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ იგი შეერთებული შტატების პრეზიდეტი გახდება, ირანის ბირთვული პროგრამისადმი ტოლერანტობას არ გამოიჩენს.

მიტ რომნის განცხადებით, სარაკეტო დაცვის თემაზე რუსეთთან მიმართებაში მას მოქნილი პოლიტიკა არასდროს ექნება. მან, ასევე, გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთთან დამოკიდებულებაში და მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის სამხედრო ძლიერების აღმშენებლობის პირობა დადო. რომნიმ აგრეთვე გააკრიტიკა ამერიკის სამხედრო ძალების უეცარი გამოსვლა ავღანეთიდან, რასაც არა დემოკრატიის გამოხატულება, არამედ ძალადობის მიზეზი უწოდა. პრეიზდენტ ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ, რომნიმ პოლიტიკური უკანდახევა უწოდა.

თეთრმა სახლმა მყისვე უპასუხა ობამას საგარეო პოლიტიკისადმი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის კრიტიკას. ობამას კამპანიის წარმომადგენლის, ბენ ლაბოლტის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე გამოკითხვებმა ობამას რომნისთან შედარებით უპირატესობა აჩვენა. ამის მიზეზად კი, ლაბოლტმა ერაყში ომის დასრულება, ალ ყაიდას დასუსტება და ოსამა ბინ ლადენის განადგურება დაასახელა.

ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა რესპუბლიკელი მიტ რომნის შეხედულებებს სავაჭრო საკითხებზე „აბსოლუტურად მცდარი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ რა განსხვავებულ ნაბიჯებს გადადგამს რომნი ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში და როგორ მოაგვარებს იქ შექმნილ პრობლემებს.

„მათთვის, ვისაც საგარეო პოლიტიკა არ ესმის, მიტ რომნის გამოსვლა მოსაწონია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მშვიდობის დამყარება ძალის, მკვეთრი განცხადებების და უეცარი გადაწყვეტილებების მიღებით, საგარეო პოლიტიკა არ არის.“

ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, შეძლებს თუ არა მიტ რომნი საგარეო პოლიტიკის თემით მხარდამჭერები მოიპოვოს - მისი მთავარი პრიორიტეტი იყო და არის ამერიკის ეკონომიკა.

გასულ კვირას, მიტ რომნიმ პირველს სატელევიზიო დებატებში პრეზიდენტი ობამა დაჩრდილა, რის შედეგადაც ობამას და რომნის რეიტინგს შორის განსხვავება შემცირდა.
XS
SM
MD
LG