ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნის საგარეო პოლიტიკა


რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საჯაროდ ისაუბრა

მიტ რომნიმ ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ძირითადი დრო საერთაშორისო საკითხებს დაუთმო. ეს არის თემა, რომელსაც ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე კომპლექსურად არ შეხებია.

მიტ რომნი მთავარ აქცენტს აქამდე მხოლოდ ეკონომიკაზე და დასაქმების პრობლემებზე აკეთებდა. შესაბამისად, რესპუბლიკელი პრეტენდენტი პრეზიდენტ ობამასაც უმეტესად მხოლოდ ამ დარგში, მისი აზრით, დაშვებულ შეცდომებზე აკრიტიკებდა. რამდენიმე დღის წინ „უოლ სტრიტ ჟურნალში“ გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ ხანს საგარეო პოლიტიკის მეოხებით ამერიკა საკუთარი ხალხის და მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს თანდათან სცილდება.

30-წუთიან გამოსვლაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა პრეზიდენტ ობამას ამერიკის გლობალურ ლიდერობაში ერთგვარ ჩავარდნებში დასდო ბრალი. მან განსაკუთრებული სიმკაცრით ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ობამას საგარეო პოლიტიკის წყალობით იქ კონფლიქტის რისკი კიდევ უფრო გაიზარდა. ისრაელის გვერდში მტკიცედ დგომაზე უარის თქმით პრეზიდენტმა ობამამ „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების იმედი გააქრო და საერთო მტერი კიდევ უფრო მხნე და გამბედავი გახადა. ეს განსაკუთრებით ირანის მისამართით ითქმის," - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ირანს აიძულებს უკან დაიხიოს და უარი თქვას ბირთვულ პროგრამებზე, და რომ ამას ახალი სანქციების დაწესების გზით და ავიამზიდების სპარსეთის ყურეში მუდმივი ყოფნით მიაღწევს.
XS
SM
MD
LG