ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათვური სამსახური ურთმელიძისეულად


ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე დანიშნა გვარამიამ, იყო, ალბათ, გვარამიას კონტროლის ქვეშ... ახლა კი ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები“ - დავით ბერძენიშვილი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე ყველაზე რეზონანსულია უკანასკნელი სამი წლის მანძილზე. ქვეყანაში არ დარჩენილა სახელმწიფო უწყება, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხზე არ საუბრობს. რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა: „მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად. აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე. უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.“

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის თაობაზე არაერთი იურისტი სამართლებრივ გადაცდომად მიიჩნევს. პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან თამარ კორძაია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის მიერ ტელევიზიის შინაარსობრივ ნაწილში ჩარევა და მასში შეტანილი კორექციები უფლებამოსილების გადამეტებაა. მაუწყებლებს არ შეიძლება შინაარსზე წინასწარი რეგულირება დაუწესო, ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლების შელახვას, - ამბობს თამარ კორძაია: „წინასწარი რეგულირება დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებით. თუ ლიცენზიის პირობებს დაარღვევს ტელევიზია, მაშინ ესაა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განსჯადი თემა. ესაა შემდგომი რეაგირების თემა და არა სასამართლოს მიერ წინასწარ განსასაზღვრი“.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, დროებით მმართველებს უფლებამოსილების განხორციელების დრო დღეიდან აქვთ. დროებითი მმართველი დავით დვალი დღეს აცხადებდა, რომ ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება ტელევიზიაში შენარჩუნდება.

პროცესები სახიფათო ხასიათს იღებს - ეს წინადადებარესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს ეკუთვნის: „დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე დანიშნა გვარამიამ, იყო, ალბათ, გვარამიას კონტროლის ქვეშ, თავის დროზე. ახლა კი ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები“.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია: მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ “საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. არსებული მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირში არ აქვს „რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.“

რუსთავი 2-ის საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ცალსახად განიხილება, როგორც დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევად. ამის შესახებ დღეს განაცხადა იანუშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში: „გუშინ საღამოს დავიძინე ისე, რომ ვიცოდი სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ აპელაცია იყო მომდევნო საფეხური და მანამდე გადაწყვეტილება სისრულეში არ მოვიდოდა. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გადაწყვეტილებას მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით, შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ფონი.“

საგანგებო განცხადებას აკეთებს აშშ ელჩი იან კელიც, რომლის თანახმად „აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით, შუაღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.“

XS
SM
MD
LG