უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები დაუნდობელ თავდასხმებს აწარმოებს. მისი თქმით, რუსეთის ჯარის მიზანია წინ, ქალაქ პოკროვსკისკენ წაიწიოს, რომელიც, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს მთელ ფრონტის ხაზზეც.
სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, თითქმის, 29 თვის შემდეგ, უკრაინამ გააძლიერა სამხედრო მობილიზება, რათა ადამიანური ძალის დეფიციტის პრობლემა მოეგვარებინა. ქვეყანამ ჯარი გაძლიერა დასავლური საარტილერიო ჭურვების მიწოდებითაც, მაგრამ რუსეთის ჯარი წინსვლას განაგრძობს.
„მტერი ყურადღებას არ აქცევს დანაკარგების საკმაოდ მაღალ დონეს და აგრძელებს მოძრაობას პოკროვსკისკენ“, - თქვა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ.
ბრძოლის ველების ღია წყაროს სადაზვერვო რუკების მიხედვით, პოკროვსკი 25 კმ-ზე ნაკლებითაა დაშორებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან და მდებარეობს გზებისა და რკინიგზის კვეთაზე, რაც მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პუნქტად აქცევს სამხედროებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
”სხვადასხვა ინტენსივობის აქტიური საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობს მთელ ფრონტზე,” - თქვა სირსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები ასევე ცდილობს დაიკავოს ტერიტორიები სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონთან.