რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ეკონომიკურმა მრჩეველმა, რუსული რუბლის კიდევ უფრო გაუფასურების გამო, ქვეყნის ცენტრალური ბანკი მწვავედ გააკრიტიკა.
ერთი ამერიკული დოლარი ახლა 101 რუბლის ტოლფასია, რასაც ქვეყნის პირველი პირის ეკონომიკური მრჩეველი, მყიფე მონეტარულ პოლიტიკას აბრალებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუბლმა თავისი ღირებულების მეოთხედი დაკარგა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რუსულ ეკონომიკაზე, დასავლური სანქციების გავლენაა.
გასული 17 თვის განმავლობაში, რუსული რუბლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ორშაბათს, 14 აგვისტოს დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად კი, ერთი ამერიკული დოლარი 101.7475 რუბლის ტოლფასია. ჯვარედინი მონაცემებით, რუბლის წლიური ვარდნის მაჩვენებელი 26.2%-ია.
პუტინის ეკონომიკური მრჩეველი, მაქსიმ ორეშკინი ამბობს, რომ ცენტრალურ ბანკს შეეძლო უზრუნველეყო, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა ამდენად რადიკალური არ ყოფილიყო.
"რუბლის დასუსტების მთავარი ფაქტორი სუსტი მონეტარული პოლიტიკაა", - თქვა ორეშკინმა სააგენტო "ტასთან" საუბრისას.
"ცენტრალურ ბანკს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში დაასტაბილუროს", - ამტკიცებს პუტინის მრჩეველი.
რუსეთის ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას 15 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.