რუსეთი კვლავ სხვისი იდეების მოპარვას ცდილობს. ამჯერად კრემლის სამიზნე ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობენ. რუსი ჰაკერები "სპირალური ფიშინგის" გზით ცდილობენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციების საინფორმაციო ბაზებიდან, თუ რა შემადგენლობისაა ესა თუ ის ვაქცინა.
"კიბერთავდასხმა - ახალი ფრონტი მოსკოვსა და დასავლეთს შორის,"- ეს არის ამონარიდი დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობების განცხადებიდან, სადაც ისინი საუბრობენ რუსი ჰაკერების მცდელობაზე მოიპარონ ინფორმაცია კოვიდ19-ის ვაქცინის შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, თავდასხმები ორგანიზაციებზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, კიბერთავდასხმა ჰაკერების ჯგუფის "ქოზი ბეარ"-ის მიერ განხორციელდა. ჯგუფი ასოცირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ჯგუფის მიზანია, შექმნას ქაოსი პანდემიის პირობებში. მათი ახალი სამიზნე კი ის ჯანდაცვის ორგანიზაციებია, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსი ჰაკერები ცდილობენ ვაქცინის შემადგენლობის მოპარვას.
ცნობილი ხდება, რომ რუსი ჰაკერების სამიზნე აუდიტორიაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერებმა ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენეს ე.წ. "სპირალური ფიშინგის" მეთოდი.
"ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას. ეს ორგანიზაციები სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ და ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანი იქნება,"- ამბობს პოლ ჩიჩესტერი, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი.
ბრიტანეთში და კანადაში აცხადებენ, რომ როგორც "ქოზი ბეარ" ასევე "ფენსი ბეარ" კიბერ-ჯგუფებია, რომლებიც რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია და ისინი შემჩნეულები არიან არაერთ ციფრულ დანაშაულში.
Facebook Forum