ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ავდიივკისა და კუპიანსკის მიმართულებით შეტევას აძლიერებს


რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებზე იერიშებს აძლიერებს. ისინი თითქმის განადგურებულ ქალაქ ავდიივკისკენ მისასვლელ გზას უტევენ იმისთვის, რომ ლოგისტიკაა გაართულონ. ავდიივკის ჩრდილოეთით, მათი კიდევ ერთი სამიზნე მნიშვნელოვანი ქალაქი კუპიანსკია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გასულ ღამით მათ ავდიივკაზე დაახლოებით ათი იერიში მოიგერიეს. ავდიივკის სამხედრო ხელმძღვანელობის მეთაური, ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ ქალაქის ცენტრზე და ქალაქისკენ მიმავალ ერთადერთ სამანქანო გზაზე რუსეთს უწყვეტი იერიშები მიაქვს.

"მარაგებთან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაციაა. 22 კმ-იანი გზა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა, დღე და ღამე", - უთხრა ბარაბაშმა "რადიო თავისუფლებას".

"ეს ართულებს ევაკუაციას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. მტერი ცდილობს ამ გზის გადაჭრას. ნებისმიერი მოძრაობა [იქ] არის ცეცხლის გასახსნელად სიგნალი", - განმარტავს ბარაბაში.

მისი თქმით, ქალაქში დაახლოებით 1600 მცხოვრები რჩება. ომამდე იქ 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი მხოლოდ ისინი, ვინც სახლლის დატოვება არ ისურვა.

ავდიივკა უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. თვეების განმავლობაში ის თავდასხმის ქვეშაა. ამასთან, 2014 წელს ის პრორუსმა სეპარატისტებმა დაიკავეს კიდეც, თუმცა მცირე ხნით.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში პატივი მიაგო მათ, ვინც ქალაქის დასაცავად დაიღუპა: "მათი წინააღმდეგობა ახლა მთელი უკრაინის ძლიერებაა".

უკრაინის სახმელეთო ძალების გენერალი ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ 1 000 კმ სიგრძის ფრონტზე ვითარება რთულია. მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ბახმუტისა და კუპიანსკის მიმართულებით, ორივე ეს ქალაქი ავდიივკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სირსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, განსაკუთრებით კი ცოცხალი ძალის კუთხით, მაგრამ ძალების შევსებას და განახლებას მუდმივად ახერხებს.

რუსეთის ოფიციალურ წყაროებში კი ავდიივკა უკვე მესამე დღეა, საერთოდ არაა ნახსენები. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ რუსულმა ძალებმა კუპიანსკის შემოგარენში სამი თავდასხმა მოიგერიეს, ბახმუტის მიდამოებში კი - 10.

პარალელურად, იბომბება უკრაინის სხვა რეგიონების, ხერსონის რეგიონში 800-მდე ბავშვის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

XS
SM
MD
LG