ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: გმადლობთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაშფოთებთ,- ეს საჭირო არ არის


რუსეთი უფრო ძლიერი იქნება, „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხის შემდეგ. ასე რომ, დასავლეთს არ სჭირდება ფიქრი, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ძალის სტაბილურობაზე - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარასკევს.

საინფრომაციო სააგენტო „როიტერის“ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი სტაბილური და შეუძლია თუ არა გარანტიები მისცეს მსოფლიოს, რომ რუსეთი არეულობაში არ ჩაიძირება, ლავროვმა უპასუხა, რომ მოსკოვი არ არის ვალდებული, რაიმე ახსნას, ან ვინმეს რაიმე გარანტია მისცეს.

„თუკი ვინმეს დასავლეთში ეჭვი აქვს, ეს თქვენი პრობლემაა. გმადლობთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაშფოთებთ, მაგრამ ეს საჭირო არ არის“ - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რუსეთი ყოველთვის უფრო გამძლე და ძლიერი ხდება, ყოველგვარი სირთულის შემდეგ და ძნელია ამას იმეზე მეტი რამ უწოდო, ვიდრე სირთულეები. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ [გაძლიერების] პროცესი დაწყებულია“ - თქვა ლავროვმა.

73 წლის ლავროვი, რომელიც პუტინის მთავრობის კაბინეტში, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს 2004 წლიდან იკავებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებულ ვითარებას „შიზოფრენიულს“ უწოდებს. მისი თქმით, დასავლეთს კონფლიქტის დროებით გაყინვა სურდა იმისთვის, რომ ამ პერიოდში უკრაინა გაძლიერებულიყო.

„შიზოფრენიული ვითარებაა: ისინი ამბობენ, ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდება, მაგრამ უპირველესად, რუსეთი უნდა დამარცხდეს.“

ლავროვი „წმინდა წყლის ტყუილს“ უწოდებს კიევის ბრალდებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი ზაპორიჟიას ბირთვულ სადგურზე, გარკვეული „პროვოკაციების“ მოწყობას გეგმავდა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მადლობა გადაუხადა არმიას და უშიშროების ძალებს, იმის თავიდან აცილებისთვის, რაც მისი თქმით, შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო ომი. პუტინმა, პრიგოჟინის აჯანყება იმ ქაოსს შეადარა, რომელსაც 1917 წელს, რუსეთში რევოლუცია მოჰყვა.

XS
SM
MD
LG