რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს "არასასურველის" სტატუსი. ეს შეეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებშიც სახელმწიფოც ჩართულია. ამ სიახლეზე სააგენტო TASS-ი იუწყება, კანონპროექტის ტექსტზე დაყრდნობით.
კანონპროექტით შესწორებები შედის ხუთ ფედერალურ კანონსა და ორ მუხლში, რომლებიც "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სასჯელებს ეხება. სიახლე არ გავრცელდება მთავრობებს შორის მოქმედ ორგანიზაციებზე, რომელთა წევრებს შორის რუსეთიც ირიცხება.
ამ დროისთვის კანონი შესაძლებელს ხდის "არასასურველი" ორგანიზაციების ნუსხაში მხოლოდ უცხოური არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების შეყვანას.
"არასასურველი ორგანიზაციების" სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამ დროისთვის მასში შეყვანილია 160-ე მეტი სტრუქტურა, რომლებიც, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს აზრით, "საშიშროებას უქმნიან კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას". სიაში მოხვედრილებს შორისაა დამოუკიდებელი მედიის რედაქციები, "რადიო თავისუფლების" ჩათვლით, უფლებადამცველი ჯგუფები, ეკოლოგიური და საგამოძიებო ორგანიზაციები.
"არასასურველი" ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან, "საქმიანობაში მონაწილეობის" არსი კანონსა და კოდექსებში ბუნდოვნად არის განსაზღვრული.