ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ კურსკში უკრაინის ძალებს უტევს


სუმის რეგიონი, 13 აგვისტო, 2024 წ.
სუმის რეგიონი, 13 აგვისტო, 2024 წ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა კურსკის რეგიონში უკრაინულ ჯარზე მძიმე იერიში მიიტანა. უკრაინის ძალები კი ამბობს, რომ შეტაკებები ბოლო 24 საათის განმავლობაში გამწვავდა.

უკრაინამ, რომელმაც კურსკის რეგიონის ნაწილი აგვისტოს დასაწყისში დაიკავა და იქ პოზიციებს 5 თვეა ინარჩუნებს, ახალი იერიში კვირას დაიწყო, თუმცა ოპერაციის დეტალები და მისი მიზნები ჯერ ცნობილი არ არის.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა სამშაბათს თქვა, რომ ბოლო დღის განმავლობაში რეგიონში 94 შეტაკება დაფიქსირდა. ეს მაშინ, როცა წინა დღეს 47-ზე იყო საუბარი.

"ომის კვლევის ინსტიტუტი" ამბობს, რომ კვირას და ორშაბათს გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ქალაქ სუჯის მიდამოებში უკრაინელთა წინსვლას აჩვენებს. რუსული ძალები კი, ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონის სხვა ნაწილებში ცდილობენ თავდასხმებს. რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ მძიმე შეტაკებებია სუჯის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ მალაია ლოკნიასთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსი ლოკაცია დაასახელა, სადაც მისი თქმით, უკრაინული ბრიგადები დაამარცხა - მათ შორის, ერთი საზღვრის უკრაინულ მხარეს. სამინისტრო აცხადებს, რომ მან უკრაინულ ჯარსა და ტექნიკაზე იერიში მიიტანა. ჟურნალისტებს ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.

უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე თავდასხმის შემდეგ, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ეს კიევს შესაძლო მოლაპარაკების პროცესში დამატებით ბერკეტს მისცემს იმისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან შედარებით ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, კურსკში 11,000-მდე ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი იბრძვის. რუსეთი ამ ცნობებს არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა კიევი და ვაშინგტონი აცხადებენ, რომ ბევრი მათგანი ომში უკვე მოკლულია. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორშაბათს თქვა, რომ 1,000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი მოკლული ან დაჭრილია.

XS
SM
MD
LG