ორშაბათს რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდის ატომურ ყინულმჭრელ სატვირთო გემზე მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს. სახელმწიფო კომპანიამ კი, რომელიც ხომალდს იყენებს, განაცხადა რომ მსხვერპლი არ არის და ატომურ რეაქტორს საფრთხე არ შექმნია.
რუსეთის საგანგებო ვითარებების სამინისტროს თქმით, ხანძარი კვირას, მურმანსკის პორტში მდგარ, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ „სევმორპუტის“ ერთ-ერთ ნაკვეთურში გაჩნდა. მურმანსკის რეგიონი ფინეთს და ნორვეგიას ესაზღვრება, და ბარენცის და თეთრ ზღვებში გასასვლელი აქვს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ხანძარი მსხვერპლის გარეშე ჩააქრეს.
„კრიტიკულად მნიშვნელოვან რეაქტორის დამხმარე სისტემებს ან თავად რეაქტორს საფრთხე არ შექმნია“, განაცხადა ხომალდის მფლობელმა კომპანია „ატომფლოტმა“.
„ატომფლოტი“ რუსეთის ატომური ყინულმჭრელების ფლოტს მართავს და ის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
„როსატომის“ თანახმად გემი, რომლის ექსპლუატაცია 1988 წელს დაიწყო და ათწლეულის წინ განახლება ჩაუტარდა, რუსეთის ერთადერთი ატომური სატვირთო ყინულმჭრელია.