ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებს: 2024 წელს კენჭს ისევ ვიყრი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, სამხედროებს განუცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ხელისუფებაში დარჩენის შანსი 2030 წლამდე აქვს.

პუტინი ქვეყანაში 1999 წლის ბოლო დღეს, ბორის ელცინის შემდეგ აირჩიეს. ის რუსეთის ისტორიაში, იოსებ სტალინის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ვადით მართავს ქვეყანას. მან ლეონიდ ბრეჟნევის რეკორდიც მოხსნა, რომელიც საბჭოთა კავშირს 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სამხედროებთან შეხვედრის დროს, პუტინმა რუსეთის უმაღლესი ჯილდოთი, რუსეთის გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა არტიომ ჟოგა. დაჯილდოების ცერემონიის დროს, ჟოგამ პუტინს სთხოვა, რომ პრეზიდენტობაზე კენჭი კვლავ იყაროს.

"არ დავმალავ, რომ სხვადასხვა ფიქრები მქონდა სხვადასხვა დროს, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მესმის, რომ სხვა გზა არაა", - განაცხადა პუტინმა.

"კენჭს კვლავ ვიყრი", - თქვა პუტინმა კრემლში, გეორგევსკის დარბაზში სამხედროებთან შეხვედრისას.

ჟოგამ მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის გადაწყვეტილებით მოხარულია, რომ ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის გადაწყვტილებას მთელი რუსეთი დაუჭერს მხარს.

პუტინისთვის, რომელიც ახლა 71 წლისაა, ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა. ქვეყანაში ოპოზიციის დაშინებისა და მათი გაჩუმების, ასევე სახელმწიფოს რესურსების გამოყენებისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიის პირობებში, მის გამარჯვებას საფრთხეს არაფერი უქმნის.

რუსული ოპოზიციისა და უფლებადამცველების წრეებში შიშობენ, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

XS
SM
MD
LG