რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყალდიდობის შედეგად, 2500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ტაიფუნმა „ხანუნმა“ და მისმა მოტანილმა ნალექმა დააზიანა.
გასულ კვირას, სამხრეთ იაპონიის სანაპიროზე დარტყმის შემდეგ, „ხანუნი“ დასუსტდა. იქამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, შტორმმა ლიაონინის პროვინციაში მეწყერი გამოიწვია, რასაც, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, 28 დასახლება გარესამყაროსგან მოწყვეტილია. 15 მუნიციპალიტეტში 4620 სახლი და გზის მონაკვეთები დაიტბორა. სტიქიის შედეგების შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სამსახურები ავრცელებს.
წყნარი ოკეანის სანაპირო პორტი ვლადივოსტოკი პრიმორიეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. სახელმწიფო სამსახურების განცხადებით, წყალდიდობა პრიმორიეს უმეტეს რაიონში მცირდება და ყველაზე მეტად, მდინარე მალინოვკაზე მდებარე სოფელ რაკიტნოიეს მიმდებარე ტერიტორია დაზარალდა.