კრემლის ინფორმაციით უკრაინის იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე, ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრემლი საუბრობს ბელგოროდის ოლქზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით დაღუპულია 120 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აჭარბებს.
ბელგოროდის ოლქს უკრაინა თავს არაერთხელ დაესხა, გამოყენებული იყო საარტილერიო ჭურვები და უპილოტო საფრენი აპარატები. კიევის სამიზნე რუსეთის ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვია.
ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ დაღუპულთა შორის 11 ბავშვია, 51 კი დაშავდა - ნაწილი მძიმედ.
„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. თავდასხმები გრძელდება და ხალხი კვლავ იხოცება,“- ამბობს გლადკოვი ვიდეო მიმართვისას და მოუწოდებს მოქალაქეებს სიფრთხილე გამოიჩინონ 5 მაისს, მაშინ როცა რუსეთში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.
კრემლი, რომელიც თავად უკრაინაში უკვე ორი წელია ბომბავს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს თუ თავშესაფრებს, უკრაინას აკრიტიკებს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშების გამო.
კიევს ამ დრომდე ბელგოროდის ოლქში თავდასხმებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ აუღია. მონაცემების გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ ხერხდება.
Facebook Forum