ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურება უკრაინაში მომხდარ გამწვავებაზე


რუსეთის სამხედრო გემები სევასტოპოლთან
რუსეთის სამხედრო გემები სევასტოპოლთან

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში მსხვერპლის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ეს იყო პასუხი უკრაინის რადაში, პარლამენტის ზედა პალატაში, ერთი დღით ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

უკრაინელმა კანონმდებლებმა ორშაბათს მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებას, რომელიც მთელ რიგ რეგიონებში საგანგებო ვითარების გამოცხადებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას 276 პარლამენტარიდან ხმა მარტო 30-მა არ დაუჭირა.

საუბარია 27-დან 10 ოლქზე, რომლებიც ხვალიდან საომარ მდგომარეობაში გადავლენ. საგანგებო ვითარება 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ის რეგიონებია, რომლებიც რუსეთის თავდასხმისადმი მეტად მგრძნობიარეები არიან. მათ შორის 5 უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, 2 მოლდავურ თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკასთან მდებარეობს და იქ რუსეთის სამხედრო ძალებია განლაგებული, 3 ოლქი კი შავი და აზოვის ზღვების რეგიონშია.

ვითარება კვირას გამწვავდა, როცა რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტეში უკრაინის 2 სამხედრო კატერს და ბუქსირს ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაატყვევეს. კიევის ცნობით, სამივე ხომალდი ახლა ქერჩის პორტშია გადაყვანილი და მათზე მყოფი 23 მეზღვაურიდან 6 სამხედრო დაჭრილია. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინულმა სამხედრო გემებმა საზღვარი დაარღვიეს.

​გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში ორშაბათს გამართულ საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში დაგმო რუსეთის ქმედება. ნიკი ჰეილიმ "ქედმაღლობად" შეაფასა კრემლის საქციელი და მას "უკრაინის სუვერენული ტერიტორიის აღმაშფოთებელი დარღვევა" უწოდა.

"კანონმორჩილი, ცივილიზებული ქვეყნები ასე არ იქცევიან" - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ნიკი ჰეილის თქმით, უკრაინას კანონიერი უფლება აქვს ქერჩის სრუტეში სატრანზიტო რეისები განახორციელოს და ამ უფლების აკრძალვა "საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა". ამერიკის ელჩის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედება ცალსახად უნდა დაგმოს.

ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააზუსტა, რომ თავის გამოსვლამდე ის ესაუბრა როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, ასევე სახელმწიფო მდივანს - მაიკ პომპეოს. შესაბამისად, გაეროში ამერიკის ელჩის გამოსვლა შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლესი ეშელონების შეშფოთებას გამოხატავს.

რუსეთის ქმედება ევროპის კავშირის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმაც დაგმეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო ხომალდების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მოსკოვის ქმედებას "არანაირი გამართლება არ აქვს". ევროპის კავშირის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და მის გვერდით დგას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG