კრემლმა უკრაინის ქალაქებს კვირას ღამით და ორშაბათს გამთენიისას, დრონების საშუალებით შეუტია. კიევი იტყობინება, რომ დედაქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 3 ადამიანია დაღუპული.
რუსეთის თავდასხმა 17 ოქტომბერს დილის პიკის საათებში განხორციელდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს რუსეთის საჰაერო იერიშების უკვე მეორე მეორე ტალღაა, რომელთა სამიზნეც უმთავრესად უკრაინის ინფრასტრუქტურაა.
უკრაინის განცხადებით, რუსეთმა მათ ქალაქებზე იერიშები ე.წ. კამიკაძე-დრონებით მიიტანა. მათ თვითმკვლელ დრონებსაც ეძახიან. ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნეს ეჯახებიან და ფეთქდებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ კვირა საღამოდან მოყოლებული, რუსეთის 37 დრონი გაანადგურეს, რაც შეტევაში ჩართული დრონების დაახლოებით 85%-ია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ უკრაინის სამხედრო და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის სამიზნეებზე "მასიური" იერიში მიიტანეს. კრემლის თქმით, შეტევა მაღალი დამიზნების იარაღით განხორციელდა.
სააგენტო "როიტერის" წარმომადგენლებმა ნახეს დრონების ნაწილები, რომელზეც ეწერა: "ბელგოროდისთვის". სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები უკრაინასთან რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიას გულისხმობდნენ, რომლის დაბომბვაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. პრორუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკრაინამ კვირას ღამით იერიში ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონში მდებარე აეროპორტზე მიიტანა. ამასთან დაკავშირებით კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
რუსეთმა დრონებით კვირას ასევე შეუტია უკრაინის სამხრეთით მდებარე ქ. მიკოლაევის საზღვაო ტერმინალს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დაზიანებულია მზესუმზირის ზეთის საცავები. გაჟონვის შედეგად, დიდი რაოდენობის ზეთი აალდა.
ახლადდანიშნული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გაეროში, ვოლკერ თურქი აცხადებს, რომ დრონებით მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის მიტანა უნდა შეწყდეს. შეერთებულ შტატებში მდებარე უკრაინის საელჩომ დაგმო რუსეთის იერიშები და მათ "უიმედო და განსაკიცხი" ქმედება უწოდა.
კრემლი უარყოფს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას. ორშაბათს, ოფიციალურმა თეირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდების ფაქტი კვლავ უარყო. ამ მიმართულებით კრემლი კომენტარს არ აკეთებს. ევროპელი ლიდერები ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავენ, თუკი უკრაინასთან რუსეთის დაპირისპირებაში მისი მონაწილეობა დადასტურდა.
Facebook Forum