„ბოლო სამი დღის განმავლობაში, პრორუსულ ძალებს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ცენტრისკენ, ტაქტიკური წინსვლა აქვს“ - ინფორმაციას ამის შესახებ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ფიქრობს, რომ დაჯგუფება „ვაგნერი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბრძოლაში, კვლავ აქტიურად არის ჩართული.
„ძალებს, რომლებსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს, დონბასში გარკვეული ლოკალიზებული მიღწევები აქვს. ვაგნერი, სავარაუდოდ, კვლავ ძლიერად არის ჩართული ბახმუტის ბრძოლებში“ - ნათქვამია ბრტანული დაზვერვის მონაცემებში.
ამავე მონაცმებით, რუსეთის ბახმუტის დაკავებას, სავარაუდოდ, კრამატორსკ-სლოვიანსკის ურბანულ არეალში წინსვლის წინაპირობად განიხილავს, რომელიც დონეცკის ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული ცენტრია, რომელზე კონტროლი უკრაინას აქვს.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ ხუთშაბათს თავის ყოველდღიურ მიმართვაში თქვა: „რუსეთი ფრონტზე გზავნის თავის ათასობით მობილიზებულ კაცს. მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო მომზადება, მაგრამ მათ ბრძანებას ეს საერთოდ არ სჭირდება. ელიან, რომ მობილიზებული რუსები ომში რამდენიმე კვირა მაინც გადარჩებიან, მერე დაიღუპებიან, მერე კი ფრონტზე ახლებს გაგზავნიან. მაგრამ, ამ დროის განმავლობაში, რუსი გენერლების მიერ მათი ხალხის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება შესაძლებელს ხდის დამატებით ზეწოლა განხორციელდეს ჩვენს დამცველებზე“.
ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ კიევი „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულებისთვის, სპეციალურ ტრიბუნალს შექმნის და უზრუნველყოფს სპეციალური კომპენსაციის მექანიზმის ფუნქციონირებას, რათა რუსეთმა ამ ომზე, პასუხი საკუთარი აქტივებით აგოს.“