გუშინ რუსეთში მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში შევიდა. ამის პარალელურად ქვეყანაში სულ ცოტა 500 ხანძარი მძვინვარებს. მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა რადგან ხანძრებმა, რეკორდულმა სიცხემ და გვალვამ წლევანდელი მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა.
რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის მიერ მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში გუშინ შევიდა. როგორც მოსალოდნელია, აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდება. აკრძალულ პროდუქტებში ხორბალი, ხორბლის ფქვილი, ჭვავი, სიმინდი და სხვა დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედის.
კრემლის ცნობით ხსენებული ზომის მიღება ქვეყანაში რეკორდული გვალვის ფონზე სასიცოცხლო მნიშვნელობის სასურსათო ნაწარმზე ფასების ზრდის თავიდან აცილებას ემსახურება. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ ზომის მიღებით მთავრობა ქვეყნის შიგნით ფასების ზრდით გამოწვეული შესაძლო არეულობის თავიდან აცილებას ცდილობს.
გასულ წელს რუსეთი მსოფლიოს ხორბლის სიდიდით მესამე მწარმოებელი იყო. გასული წლის მოსავალმა 100 მილიონი ტონა შეადგინა. მაგრამ წელს ეს მონაცემი შეიძლება 25 პროცენტით შემცირდეს.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსავლის დაახლოებით ერთი მეოთხედი გვალვის გამო განადგურდა და შედეგად ბევრი ფერმერი გაკოტრების ზღვარზეა მისული.
გასულ კვირას ბატონმა მედვედევმა ამ პრობლემის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ხანძრებისგან დაზარალებული პირების დახმარება რათა ისინი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გაურბის პასუხისმგებლობას და დაზარალებული პირები სრულ კომპენსაციას მიიღებენ.
მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვის გამოცხადების შედეგად პარასკევს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი 50 პროცენტით გაიზარდა. ეკონომისტების ერთი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხორბალზე ფასის მომატებამ შეიძლება სურსათის სხვა კატეგორიების ღირებულება გაზარდოს.
კარენ ვარდი ბანკ ეიჩ-ეს-ბი-სი-ში უფროსი ეკონომისტია. რუსეთის სამთავრობო ინგლისურენოვან სატელევიზიო არხ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში მან კერძოდ აღნიშნა:
„ახლა საშიშროება ის გახლავთ, რომ ფინანსურ ბაზრებზე არსებობს მოლოდინი, რომ სხვა სასურსათო საქონლის ფასიც გაიზრდება. ეს კი ზოგადად სასურსათო საქონელზე ფასების მომატებას იწვევს.“
პრემიერ მინისრმა პუტინმა ხორბლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის გამო ატეხილი დავა უგულვებელყო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი აკრძალვის მოქმედებას გააგრძელებს.
ამასობაში რეკორდული სიცხეები გრძელდება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრების კერების ერთი მეოთხედი ლიკვიდირებულია. თუმცა სულ დაფიქსირებულია 500-მდე კერა. გარემოს დაცვის აქტივისტები კი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქალაქ საროვის მახლობლად, სადაც რუსეთის მთავარი ბირთვული კვლევითი ცენტრი მდებარეობს, კვლავინდებურად მძვინვარებს რამდენიმე ხანძარი. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მართალია მათ ჯერ-ჯერობით ვერ შესძლეს ხსენებული კერების ჩაქრობა, მაგრამ მათი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ამას გარდა, მოსკოვის შემოგარენში დაფიქსირებულია 30 ხანძრის კერა. შედეგად რუსეთის დედაქალაქი კვლავინდებურად კვამლსა და მანქანების გამონაბოლქვშია გახვეული და მოსკოველები გარეთ მხოლოდ ნიღბებით გადიან.
სინოპტიკოსთა პროგნოზით ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღეს 30 გრადუსს გადააცილებს.