რუსეთში ერთი თვის მანძილზე რეკორდული სიცხეები ფიქსირდება. სიცხეზე უნალექობის დართვამ ქვეყანაში არნახული გვალვა გამოიწვია, რასაც შედეგად ტყის ხანძრები მოჰყვა.სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეში 300 ხანძარი ჩნდება.
ხანძართან უწყვეტი ბრძოლის მიუხედავად დაახლოებით 40 ადამიანი უკვე დაიღუპა, 2000-ზე მეტი სახლი მთლიანად დაიწვა და 100 ათასი ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრბელი ადგილი. მოსკოვში უკვე შეინიშნება კვამლი და ფინანსურ ცენტრში ცათამბრჯენების სახურავები თითქმის მთალიანდ რუხ ბურუსშია გახვეული.
სინოპტიკოსების პროგნოზით მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთში 38 გრადუსი სიცხე იქნება, რაც ხანძართან ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს.
გუშინ რუსეთის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო ქალაქ საროვში მდებრე ფედერალურ ბირთვულ ცენტრს ეწვია. საროვი დახურული ქალაქია, რომელიც მოსკოვიდან 500 კილომეტრითაა მოშორებული. იქ რუსული ბირთვული ბომბები მზადდება. ორშაბათ საღამოს ცეცხლის ალმა საროვის ღობეებს მიაღწია. ასობით მეხანძრე და რამდენიმე წყალ-მზიდი თვითმფრინავი ქალაქის ცეცხლისგან დაცვას ცდილობდა.
საგანგებო ვითარებებათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს განუცხადა, რომ სიტუაცია საროვთან „საკმაოდ რთულია,“ ხოლო მთელი ქვეყნის მასტაბით კი 155 ათასი ადამიანი ებრძვის სტიქიას. მისივე თქმით, ხანძრების ნაწილი კონტროლს აღარ ექვემდებარება.
გასულ კვირას ხანძარმა მოსკოვის აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე საზღვაო ბაზამდეც მიაღწია. რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს ბაზის გარშემო ორმოების ამოთხრა უბრძანა ცეცხლისთვის გამყოფი ზოლის შესაქმნელად. გარდა ამისა, პუტინი ყოველ დღე სტუმრობს ხანძრით დაზიანებულ დასახელებებს და დაზარალებულ ხალხს დახმარებას ჰპირდება. ანალიტიკოსების აზრით, 18 თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს ხანძარი პუტინს სინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარება.
მისგან განსხვავებით მედვედევი მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებს აკეთებს და კრემლის კომფორტიდან მართავს საგანგებო ვითარებას. რუსეთის მოსახლეობისთვის გაკეთებულ მიმართვაში მან ხალხი გაააფრთხილა ასანთით არ ეთამაშათ:
"როცა ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული და ყველგან აუტანელი სიცხეა, რა თქმა უნდა ქალაქგარეთ გასვლა გვინდება, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. თუნდაც ერთი ჩაუმქრალი ასანთის გადაგდებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს."
პრეზიდენტმა რუსეთის 7 რეგიონში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
გარდა ფიზიკური ზარალისა, ხანძარმა რუსეთის სოფლის მეურნეობასაც არანაკლები ზარალი მიაყენა. წინასწარი გათვლებით, გვალვისა და ხანძრის გამო წელს რუსეთში ხორბლის მოსავალი 25 პროცენტით დაიკლებს, ხოლო რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი ორჯერ შემცირდება.
რუსეთი მსოფლიოში რიგით მესამე ხორბლის ექსპორტიორია. რუსული ხორბლის შემცირების შიშმა ივნისის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი თითქმის 50 პროცენტით გაზარდა.