ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი მოსკოვს უახლოვდება


რუსეთის ტყეებში გავრცელებული უზარმაზარი ხანძარი ატომურ ობიექტს ემუქრება.

რუსეთის ტყეებში გავრცელებული უზარმაზარი ხანძარი ატომურ ობიექტს ემუქრება.

რუსეთში არნახულმა სიცხემ დაისადგურა, რომელიც ცელსიუსით 35 გრადუსს აჭარბებს. მოსკოვის თავზე კი გადამწვარი ტყეების კვამლი დგას. რუსეთის ტყეებში გავრცელებული ხანძარი ბირთვული იარაღის ლაბორატორიას და სხვა სამხედრო ობიექტებს უახლოვდება.

მაშინ როდესაც 3000-მდე მეხანძრე რუსეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიის გადარჩენას ცდილობს, რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო საზოგადოებას არწმუნებს რომ რადიოაქტიული ნივთიერებები უკვე გატანილია საშიში ზონიდან.

რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას ბატონმა კირიენკომ განაცხადა რომ რადიაქტიული და ასაფეთქებელი ნივთიერებების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

საროვის გასაიდუმლოებული ბირთვული ობიექტის გადასარჩენად 8 თვითმფრინავი და 20 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ეს ქალაქი დახურულია უცხოელებისთვის.

მაშინ როდესაც ყოველდღიურად რუსეთში 400 ახალი ხანძარი ჩნდება და მოსკოვის თავზე გადამწვარი ტყეების კვამლი ტრიალებს, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შეწყვიტა თავისი შვებულება ქალაქ სოჭში და დედაქალაქში დაბრუნდა.

კვამლი თითქმის მთელ ქალაქს მოედო, დაწყებული მაღალსართულიანი შენობებით დამთავრებული მოსკოვის მეტროთი, სადაც კვამლისგან აცრემლებული ხალხი 30 მეტრის იქით ვერაფერს ხედავს, მანქანის მფლობელები კი იძულებულნი არიან ანთებული ფარებით იარონ.

მოსკოვის ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსის ევგენია სემუტნიკოვას განცხადებით დილის 4-დან 7 საათამდე ჰაერის დაბინძურება 3-ჯერ, 4-ჯერ აღემატება ნორმით დაშვებულ ნიშნულს. ამის გამო მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ამ საათებში ქუჩაში გასვლისგან.

თავის მხრივ რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩენკომ მოსახლეობას ფიზიკური აქტივობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და სპეციალური ნიღბების ტარება ურჩია. ექსპერტების განცხადების თანახმად მოსკოვში ცხოვრება ამჟამად ისევე საშიშია, როგორც დღეში რამდენიმე კოლოფი სიგარეტის მოწევა.

ცენტრალურ რუსეთში ძლიერმა ხანძრებმა სულ ცოტა 48 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. გადაბუგულია 2000 სახლი და კარმიდამო. რუსეთში მძვინვარე სტიქიასთან საბრძოლველად იტალიამ, უკრაინამ და აზერბაიჯანმა სპეციალური თვითმფრინავები გააგზავნეს.

ამასობაში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი ოფიცრები, მათ შორის საზღვაო ფლოტის ავიაციის სარდალი და სხვა გენერლები გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან ხანძრის შედეგად სამხედრო-საზღვაო ბაზის საწყობების განადგურების ფაქტის დამალვის გამო.

XS
SM
MD
LG