ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუმარტივდებათ. ბრძანებულება კრემლის ვებგვერდზე 24 აპრილის თარიღით გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილებას უკრიანული მხარისგან მკარი კრიტიკა მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა თქვა, რომ ეს "კრემლის აგრესიის გაგრძელება და უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაა". მან მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, არ მიიღონ რუსული პასპორტები.

ომი უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრო-რუს სეპარატისტებს შორის 5 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე დაახლოებით 13 000 ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, თუმცა რუსეთი გამუდმებით არღვევს ამ შეთანხმების პირობებს.

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები 3 დღის წინ გაიმართა. გამარჯვებული კანდიდატი, ვოლოდიმირ ზელენსკი კამპანიისას პირობას დებდა, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებს გამონახავდა, თუმცა პუტინის ამ ქმედებაზე ზელენსკის გუნდიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

"ჩვენ არ გვინდა, პრობლემები შევუქმნათ უკრაინის ახალ ხელისუფლებას, მაგრამ მდგომარეობა, რომელშიც დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ცხოვრობს და არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ნებისმიერი სამოქალაქო უფლებით, უკვე ზღვარგადასულია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით", - ამბობს ვლადიმირ პუტინი.

უკრიანული მხარე აცხადებს, რომ მათ უკვე აცნობეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას რუსეთის ნაბიჯის შესახებ და ევროკავშირისგანაც ითხოვენ "დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ" ქმედებას.

ანალიტიკოსების აზრით, ეს საკმაოდ ადრეული ტესტია არჩეული პრეზიდენტისთვის იმის დასადგენად, როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება მას დასავლეთთან და რუსეთთან. ზელენსკის გამარჯვების შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ ძალიან ნაადრევი იყო საუბარი იმაზე, მიულოცავდა თუ არა პუტინი მას გამარჯვებას ან იყო თუ არა შესაძლებლობა ორი ქვეყნის ლიდერის "ერთად მუშაობისა", ზელენსკი კი თავის მხრივ საარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ პრო-დასავლურ კურსს შეინარჩუნებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG