რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ნავალნის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლების შესახებ „უკანონოა“. მინისტრი აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო, რუსეთის მართლმსაჯულების სისტემაში ერევა.
სტრასბურგის სასამართლომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, „მიუთითოს რუსეთის მთავრობას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი.
სასამართლო განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება, მოეთხოვა ნავალნის გათავისუფლება, იმ საფრთხითაა განპირობებული, რაც შესაძლოა მის სიცოცხლეს ემუქრებოდეს.
სტრასბურგის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს რუსული მხარე.
„ეს მოთხოვნა უსაფუძვლო და უკანონოა. ის არ შეიცავს რაიმე სახის ფაქტს, ან რაიმე კანონიერ ნორმას, რის საფუძველზეც სასამართლოს ამ გადაწყვეტილების [ალექსეი ნავალნის გათავისუფლების] მიღების საშუალება ექნებოდა“ - ამბობს რუსეთის იუსტიციის მინისტრი, კონსტანტინე ჩუიჩენკო, სტრასბურგის სასამართლოს განცხადების პასუხად.
რუსულ მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩუიჩენკო აცხადებს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რუსეთის სასამართლო სისტემაში ჩარევის უპრეცედენტო შემთხვევაა. უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოს არ შეუძლია ამ მოთხოვნის შესრულება, რადგან მოთხოვნა არ ეფუძნება რუსული კანონმდებლობის არც ერთ ნორმას.
გასულ წელს, რუსეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობას უპირატესობას ანიჭებს, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით ან საერთაშორისო ორგანოების მიერ მიღებული დადგენლიებები, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
რუსული ოპოზიციის ლიდერს, ვლადიმირ პუტინის მთავარ კრიტიკოსად მიჩნეულ 44 წლის ალექსეი ნავალნის, რუსულმა სასამართლომ სამი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალი მას პრობაციის კანონის დარღვევაში ედება. ნავალნი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირიებულია.
ოპოზიციის ლიდერის დაკავებას, რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ნავალნი რუსმა სამართალდამცავებმა, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. ოპოზიციის ლიდერი მოწამვლის შემდეგ გერმანიაში სამკურნალოიდ იმყოფებოდა. გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ის ქიმიური ნერვული იარაღით, „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. ნავალნი მოწამვლასა და მკვლელობის მცდელობაში კრემლს ადანაშაულებს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
რამდენიმე დასავლური ქვეყანა, ნავალნის საქმის საფუძველზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის სენატში უკვე არსებობს კანონპროექტი, რომელიც ნავალნის მოწამვლასა და დევნაში მონაწილე პირების წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანოპროექტი, რომელიც ორპარტიულია, საზღვარგარეთ, ვალდიმირ პუტინის პირადი აქტივების მოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს.
Facebook Forum