ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ბრალდებები, ხანძრის გაჩენის საქმეში რუსეთის ჩართულობის შესახებ აბსურდული და მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციული ომის ნაწილია.
ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ასეთ ბრალდებებს პროვოკაციულად მიიჩნევს და სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ დივერსიული თავდასხმები არასდროს მოუხდენია.
ზახაროვა საუბრობდა საქმეზე, რომელშიც ბრიტანეთმა გასულ თვეში ბრალი წაუყენა მამაკაცს სახელმწიფოს წინააღმდეგ "სავარაუდო მტრული ქმედებებისთვის", რაც რუსეთის სასარგებლოდ იყო გამიზნული. ეს პირი სავარაუდოდ ცდილობდა სხვა პირების რეკრუტირებასაც, რათა უკრაინასთან დაკავშირებულ ლონდონის ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე ხანძარი განზრაახ გაეჩინათ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა სავარაუდო ბრალდებებზე შეშფოთება გამოთქვა. გასულ თვეში მისმა სამინისტრომ ლონდონში რუსეთის ელჩიც დაიბარა, რათა „გაერთიანებული სამეფოს მიწაზე რუსეთის მიერ ორკესტრირებული ბოროტი საქმიანობის“ თაობაზე შეშფოთება გამოეხატა.
ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა: „ასეთი პროვოკაციული მასალების გამოჩენას მივიჩნევთ უახლეს ზალპად ინფორმაციულ ომში, რომელიც დაუნინგ სტრიტმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გააჩაღა... ეს მცდელობები უსუსურია... ბრალდებები არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ არანაირი ფაქტებითაც არ არის გამყარებული“.
საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერი ბრიტანეთს მტკიცედ მოუწოდებს თავისი „ანტი-რუსული ისტერია“ შეაჩეროს.
რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან ომამდეც რთული იყო და ლონდონის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების აქტიური მიწოდებისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.