ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბალტიის ზღვის საზღვრების "დაზუსტებაზე" საუბრობდა, თუმცა პროექტი პორტალიდან წაიშალა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება - გადაეხედათ რუსეთის საზღვაო საზღვრისთვის ბალტიის ზღვის აღმოსავლეთით, ოთხშაბათს ოფიციალური პორტალიდან წაიშალა.

ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ საზღვრის საბჭოთა დროინდელი 1985 წლის დადგენილება ეყრდნობოდა მეოცე საუკუნის შუა წლებში არსებულ საზღვაო გრაფიკებს და ცხრილებს, შესაბამისად სრულად არ ასახავდა უფრო თანამედროვე კარტოგრაფიულ კოორდინატებს.

ამ დოკუმენტმა ნატოს წევრი სახელმწიფოების - ფინეთის, შვედეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით, ოთხშაბათს ის წაიშალა იმ ვებგვერდიდან, სადაც თავდაპირველად გამოქვეყნდა. მის ნაცვლად იქ გაჩნდა შეტყობინება:
"პროექტი წაშლილია".

ვებგვერდზე არანაირი განმარტება არ გამოქვეყნებულა. თავდაცვის სამინისტრომ კომენტარზე ჟურნალისტების ოფიციალურ მიმართვას, კითხვებს არ უპასუხა. ცნობილი არ გამხდარა, ზუსტად როგორ აპირებდა რუსეთი "საზღვრის დაზუსტებას" და გაიარა თუ არა რაიმე კონსულტაციები ბალტიის ზღვის სხვა, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან.

შვედეთის პრემიერმა თქვა, რომ "რუსეთს არ შეუძლია ახალი საზღვრები ცალმხრივად დაადგინოს". ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრადიციულად "მშვიდად და ფაქტებზე დაფუძნებით" იმოქმედებს, მაგრამ ამ დრომდე რუსეთისგან რაიმე ცნობა ამის შესახებ არ მიუღია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გებრიელიუს ლანდსბერგისმა ამ ნაბიჯს ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ "ცხადი ესკალაცია" უწოდა და თქვა, რომ ამას "შესატყვისი მტკიცე პასუხი უნდა გაეცეს".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ ერთი შეხედვითაც, ეს "აბსურდულ" კონცეფციას ჰგავს. თუმცა ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი დაბნეულობის და შფოთვის გამოსაწვევად იყოს გამიზნული.

XS
SM
MD
LG