ორშაბათს, 27 მარტს, დაიბომბა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი სლავიანსკი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, რუსეთის ჯარებმა ქალაქს S-300 რაკეტები ესროლეს. დაზიანებულია შენობები, იტყობინებიან ერთი დაღუპულის შესახებ, დაიჭრა მინიმუმ 25 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.
სლავიანსკიდან ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კირილენკოს სიტყვებით, დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი და რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლი.
ასევე იტყობინებიან, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ დრუჟკოვკაში, ბახმუტის სამხრეთით. დარტყმის შედეგად დაინგრა ბავშვთა სახლის შენობა. შენობაში ბავშვები არ ყოფილან, არავინ დაშავებულა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოსკოვი უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.
დონეცკის ოლქში ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის გარეშემო. სლავიანსკი, რომელიც 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს ეკავათ ფსბ-ს პოლკოვნიკ იგორ სტრელკოვის (გირკინი) მეთაურობით, ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს, დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე.
ბრძოლა ბახმუტისთვის
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ბახმუტი მოინახულა, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. მან უკრაინის სამხედროთა პოზიციები დაათვალიერა. სირსკის თქმით, გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა.
„სიტუაცია სტაბილურად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ განაგრძობს საიერიშო მოქმედებებს“, განაცხადა სირსკიმ. „ჩვენ ვანგარიშობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და შექმნილი ვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ.“
2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთი აქტიურ იერიშებს ახორციელებს ბახმუტის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს ქალაქის სრულად დაკავებას. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეები მძიმე დანაკარგებს განიცდიან ბახმუტზე კონტროლის დაწესებისთვის მიმდინარე ბრძოლებში.
შაბათს, 25 მარტს, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ თავის ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ ბახმუტში რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეჩერდა და რომ, როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში რუსეთის ჯარების უკიდურესი გამოფიტვის ნიშანია.
ამ მონაცემების კომენტირებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბახმუტი კვლავაც რჩება სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად. მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებით შემცირდა საბრძოლო შეტაკებები, მაგრამ ბახმუტი რუსეთის ჯარების მთავარი იერიშის მიმართულებად რჩება.
საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის მონაცემებით, ბახმუტში ამჟამად დაახლოებით 3 500 სამოქალაქო პირი იმყოფება. მათ შორის 32 ბავშვია.
Facebook Forum