ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსმა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სარაგბო ტესტი ჩაშალა


პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკა - საქართველოს 2 ივლისის მატჩის შემდეგ, აფრიკელ და ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკა - საქართველოს 2 ივლისის მატჩის შემდეგ, აფრიკელ და ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

9 ივლისს, იოჰანესბურგში, რაგბიში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის დანიშნული მეორე ტესტ მატჩი ოფიციალურად გაუქმდა. მიზეზი ორივე ნაკრებში კორონავირუსის გავრცელება და მორაგბეების დაინფიცირებაა. ამ გუნდების პირველი ისტორიული ტესტი, 2 ივლისს, პრეტორიაში, მსოფლიო ჩემპიონებმა 40:9 მოიგეს.

სამხრეთ აფრიკა-საქართველო პრეტორიის "ლოფტუს ფერსფერლდზე" უმაყურებლოდ გაიმართა
სამხრეთ აფრიკა-საქართველო პრეტორიის "ლოფტუს ფერსფერლდზე" უმაყურებლოდ გაიმართა

სერიის მეორე მატჩის, წინა გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ აჩვენა, რომ ქართველებში ინფიცირებულია სამი მორაგბე და მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ბოლო ინფორმაციით, კოვიდის "სიმპტომები გუნდის კიდევ რამდენიმე წევრს დაუფიქსირდა". მსოფლიო ჩემპიონებში კი კოვიდი ნაკრების 12 წევრს დაუდასტურდა, მათ შორის ხუთ მორაგბეს და აფრიკელთა მთავარ მწვრთნელს ჟაკ ნინაბერს.

ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება
საქართველოს რაგბის კავშირი


„გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება“ - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი უმკაცრესი კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ ორივე ტესტი საქართველოსთან გაუტენგის პროვიციაში დანიშნა. ამ რეგიონზე, სამხრეთ აფრიკაში დადასტურებული კოვიდ შემთხვევების 60% მოდის.

პრეტორიის პირველი ტესტი მსგავსად, მეორე ტესტიც იოჰანესბურგში, უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ გაუტენგის პროვიციაში კოვიდის მხრივ უმართავი სიტუაციაა, აქ ვირუსის „დელტა“ ვარიანტი მძვინვარებს, ბევრი თვლის, რომ სარაგბო მატჩების ამ რეგიონში დანიშვნა გაუმართლებელი იყო.

სამხრეთ აფრიკის, გაუტენგის პროვინციაში კორონავირუსის "დელტას" შტამი მძვინვარებს
სამხრეთ აფრიკის, გაუტენგის პროვინციაში კორონავირუსის "დელტას" შტამი მძვინვარებს

სამხრეთ აფრიკაში პანდემიის დაწყების დღიდან, 2 მილიონ 90 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ოფიციალურად 62 628 გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეალურად გარდაცლილთა რიცხვი შეიძლება 170 ათასს ადამიანს აღემატებოდეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კოვიდის „დელტას“ ვარიანტით, სამხრეთ აფრიკაში სარეკორდო, თითქმის 250 000 ადამიანი დაინფიცირდა. სიტუაცია უკიდურესად მძიმე და საგანგაშოა, იმიტომაც რომ 60 მილიონიან სამხეთ აფრიკაში, მხოლოდ 3,3 მილიონი ადამიანია აცრილი.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ბრძანებით, 28 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს, საღამოს 9 საათიდან, დილის 4 საათის ჩათვლით. დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, რესტორნები, კაფეები, ბარები და გასართობი დაწესებულებები. ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა.

ასევე აკრძალულია გაუტენგის პროვინციიდან გადაადგილება სხვა პროვინციებისკენ და პირიქით. დედაქალაქი პრეტორია და ყველაზე დიდი ქალაქი იოჰანესბურგი სწორედ გაუტენგის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, ამ ურბანულ რეგიონში 15 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დიდი უსამართლობაა მორაგბეების დაინფიცირებაში კავშირის დადანაშაულება, უსაფრთხოების მხრივ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, თუმცა ინფიცირებას მაინც ვერ ავცდით
ედგარ რეთბოუნი, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი


„არა მგონია, ვინმეს შეეძლო გაეთვალა, კორონავირუსის „დელტას“ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები გაუტენგში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

დიდი უსამართლობაა მორაგბეების დაინფიცირებაში კავშირის დადანაშაულება, უსაფთხოების მხრივ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, თუმცა ინფიცირებას მაინც ვერ ავდით“ - ასე უპასუხა მწვავე კრიტიკას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ედგარ რეთბოუნმა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, რომელიც 2019 წლის 2 ნოემბერს, ინგლისის ძლევის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პამდემიის გამო, წლისა და 8 თვის განმავლობაში, საერთოდ არ უთამაშია. 2021 წლის 2 ივლისს საქართველოსთან ტესტი მათთვის პირველი იყო.

მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა
მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა

სანამ საქართველოს ნაკრებში კორონავირუსი დადასტურებოდა, არსებობდა მცირე შანსი, რომ ქართველებს სამხრეთ აფრიკის ტურნეში მყოფ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან ეთამაშათ.

ლომებს 10 ივლისს, პრეტორიაში, სუპერ რაგბის „ბულსთან“ ჰქონდათ ტესტი დაგეგმილი. ეს ტესტიც აფრიკელთა შორის კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო და "ლომებმაც" ქართველებთან თამაშის სურვილი გამოთქვეს. თუმცა, იმავე საღამოს, ვირუსის გავრცელება ჩვენს ბანაკშიც ოფიციალურად დადასტურდა და საქართველოს ნაკრები სამშობლოში გამოემგზავრა.

17 ივლისს, ბორჯღალოსნებს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტი, ამჯერად თბილისში, „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან ელით. ჯერჯერობით, ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივად გრძელდება.

ნამდვილად გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას მოგვიანებით, ეროვნული ნაკრების აფრიკიდან დაბრუნებისა და მორაგბეებზე დაკვირვების შემდეგ გააკეთებს.

კორონავირუსით შოტლანდიის ეროვნული გუნდის რამდენიმე მორაგბეც იყო ინფიცირებული, ამის გამო ზედიზედ გაუქმდა შოტლანდიის ნაკრების ტესტები, - 27 ივნისს, ლესტერში, ინგლისთან და 10 ივლისს, ბუქარესტში, რუმინეთთან.

17 ივლისს, საქართველო-შოტლანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთები ისევ იყიდება, თუმცა გაიმართება თუ არა მატჩი ჯერ უცნობია
17 ივლისს, საქართველო-შოტლანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთები ისევ იყიდება, თუმცა გაიმართება თუ არა მატჩი ჯერ უცნობია

XS
SM
MD
LG