ორშაბათს, თბილისის დროით, 14 საათსა და 15 წუთზე, ქართული რაგბის ფანებისთვის დიდი ზეიმი იწყება. ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე, რომელსაც იაპონია მასპინძლობს, პირველ მატჩს გამართავენ. საქართველო აიჩის პროვინციის ტოიოტა სითის 45 000-იან არენაზე, D ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, „წითელ დრაკონებს“ - უელსს დაეტაკება.
იაპონიაში, "ლელოები" კიდევ სამ მატჩს ითამაშებენ: 29-ში კუმაგაიაში - ურუგვაისთან, 3 ოქტომბერს ოსაკაში - ფიჯისთან და 11 ოქტომბერს შიზუოკაში - ავსტრალიასთან. მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთ გრანდთან თამაშის პატივი საქართველოს პირველად ეძლევა.
ქართველების მინიმუმი მსოფლიო თასზე ურუგვაის დამარცხებაა, მაქსიმუმი კი ფიჯისთან მოგება, რაც ავტომატურად, საფრანგეთში, 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას იძლევა.
"ლელოებმა" იაპონიაში თამაშის უფლება, სწორედ წინა მსოფლიო თასზე, 2015 წელს ინგლისში, ჯგუფში ორი გამარჯვებით მოიპოვეს. ოთხი წლის უკან მათ ტონგას და ნამიბიას სძლიეს.
მაშინდელი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ იაპონიაში ორი მატჩის მოგება გაცილებით რთული იქნება:
2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია. ამჯერად რადარებს ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება"მილთონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ახლა მიზნის მიღწევა გაცილებით რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. ტონგელებმა, წაგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ამჯერად რადარებს ვერ დავემალებით, წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება“ - თავს იზღვევს ჰეიგი, რომელიც 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მესაჭის პოსტს ტოვებს.
ბორჯღალოსნების 31 კაციანი რაზმიდან მსოფლიო თასზე ასპარეზობის გამოცდილება 18 მორაგბეს აქვს. აქედან ყველაზე გამოცდილები ფრანგული „ტულონის“ ფორვარდი მამუკა გორგოძე და რუსული „ენისეის“ ბექი დავით კაჭარავა არიან, მათთვის ეს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.
იაპონიაში მოასპარეზე 20 ეროვნული ნაკრების მორაგბეებს შორის კი ყველაზე ახალგაზრდა, ქართველი ვანო კარკაძეა. ფრანგული „ბრივის“ მორკინალს 25 ივნისს მხოლოდ 19 წელი შეუსრულდა.
ქართველები ამომავალი მზის ქვეყანაში კარგი განწყობით ჩავიდნენ. ზედ მსოფლიო თასის დაწყებამდე, ქართული რაგბის ლეგენდამ, 35 წლის მამუკა გორგოძემ, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულა და ბრწყინვალე კარიერას საკლუბო დონეზე აგრძელებდა, გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნა გაითვალისწინა და ყველასთვის მოულოდნელად დაბრუნდა. "გორგოძილა" ამბობს, რომ ორწლიანი პაუზის მიუხედავად გუნდს მარტივად შეეწყო:
ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ გუნდი ერთი ოჯახივით ვართ"მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების ლიდერი
„ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ გუნდი ერთი ოჯახივით ვართ. ნაკრებში რაც ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.“ - აცხადებს გორგოძე.
2019 წლის მსოფლიო თასი ბორჯღალოსნებისთვის ზედიზედ მეხუთეა. 2003 წელს ავსტრალიაში, სადებიუტო მსოფლიოზე, ლელოებმა ფრანგი კლოდ სორელის მეთაურობით, ჯერ კიდევ შინდისფერი დროშის ქვეშ, ჯგუფში ოთხივე შეხვედრა დათმეს, მათ შორის ურუგვაისთან.
2007 წელს, საფრანგეთში, ქართველებმა პირველი ისტორიული გამარჯვება მსოფლიო თასზე, მალხაზ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ნამიბიასთან იზეიმეს. ბორღჯალოსნებმა ასევე საოცარი ბრძოლა აჩვენეს ირლანდიასთან, რომელსაც გიორგი შკინინმა ულამაზესი ლელო დაუდო.
ოთხი წლის შემდეგ, 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, საქართველომ, რომელსაც უკვე ავსტრალიელი თიმ ლეინი თავკაცობდა, ჯგუფში რუმინეთს სძლია და ახლოს იყო შოტლანდიის დამარცხებასთან.
2015 წელს ინგლისში კი ახალ ზელანდიელი მილთონ ჰეიგის გუნდმა ქართული რაგბის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა, ჯგუფში ორი გამარჯვება და ავტომატურად 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგით მეხუთე მსოფლიო თასს 30 წლის იუბილეზე ხვდება. ზუსტად სამი ათეული წლის უკან, 1989 წლის 12 სექტემბერს, ბორჯღალოსნებმა პირველი საერთაშორისო ტესტ მატჩი გამართეს და ქუთასში, ზიმბაბვეს 16-3 სძლიეს.
30 წლის მანძილზე ბორჯღალოსნებმა სულ 225 მატჩი გამართეს, აქედან 140 მოიგეს, 78 წააგეს და 7 ფრედ დაასრულა. ამ ხნის მანძილზე ქართველებმა 11-ჯერ აღმართეს რაგბი ევროპას თასი, 5-ჯერ ითამაშეს მსოფლიო თასზე და საქართველოში სპორტის №1 სახეობის „ტიტულისთვის“ ბრძოლაში ფეხბურთს დიდ კონკურენციას უწევენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე
ბექები: მერაბ შარიქაძე (ორიაკი საფრანგეთი), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი საფრანგეთი), გელა აფრასიძე (მონპელიე საფრანგეთი), თედო აბჟანდაძე (ბრივი საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (რუანი საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ჯიქი გორი), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), სანდრო თოდუა (ბათუმი), ლაშა მალაღურაძე (ვვა რუსეთი), სოსო მათიაშვილი (ლელო სარასენსი თბილისი), მირიან მოდებაძე (აია ქუთაისი) ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი თბილისი) დავით კაჭარავა (ენისეი რუსეთი), გიორგი კვესელაძე (ჯიქი გორი).
შერკინება: მამუკა გორგოძე (ტულონი საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე საფრანგეთი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92 საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (უგუნდო), ჯაბა ბრეგვაძე (სანვულვზი იაპონია), ვანო კარკაძე (ბრივი საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე საფრანგეთი), ბექა გიგაშვილი (ტულონი საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (აია ქუთაისი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (უგუნდო), ოთარ გიორგაძე (ბრივი საფრანგეთი), ბექა გორგაძე (ბორდო საფრანგეთი), ბექა საღინაძე (ორიაკი საფრანგეთი)
მთავარი მწვრთნელი: მილთონ ჰეიგი (ახალი ზელანდია), მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი, ჯო ვურზლი (დიდი ბრიტანეთი), ფილ ჰილი (ახალი ზელანდია),
ბორჯღალონსების თამაშების განრიგი იაპონიაში (თბილისის დროით)
23 სექტემბერი, 14:15 სთ, ტოიოტა, საქართველო - უელსი
29 სექტემბერი, 09:15 სთ, კუმაგაია, საქართველო - ურუგვაი
3 ოქტომბერი, 09:15 სთ, ოსაკა, საქართველო - ფიჯი
11 ოქტომბერი, 14:15 სთ, შიზუოკო, საქართველო - ავსტრალია
Facebook Forum