ბორჯღალოსნებმა მე-12 ასწიეს რაგბი ევროპის (Rugby Europe) თავი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, პარიზში პორტუგალიის დამარცხებით გაინაღდეს. თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო, რუსეთთან 2019-2020 წლების ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ორჯერ გადაიდო და შეხვედრის გამართვა მხოლოდ ახლა მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ბოლო 28 წლის მანძილზე, რუსებს 24 მატჩში 22-ედ მოუგეს, ეს იყო, ალბათ, ყველა ცუდი და უსისტემო თამაში რაც ბორჯღალოსნებს რუს დათვებთან უჩვენებიათ. პირველ ტაიმში საქართველო თავის თავს არ ჰგავდა, რუსებს კი დაწინაურება შეეძლოთ, თუმცა 40 მეტრიდან ჯარიმის გატანა ვერ შეძლეს, საბოლოოდ ანგარიში არ გახსნილა 0-0.
დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგი ამ მატჩით კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენც არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში ემოციური და ძალიან მძიმეამერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი
მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქეებმა თითო ჯარიმა გააფუჭეს, 46 წუთზე კი ნავსი ფრანგული „ბრივის“ ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ გატეხა, იგი რუსების ხუთ კაციან დაცვაში გაძვრა და მატჩში საქართველოს ერთადერთი ლელო დადო. მისმა თანაგუნდელმა „ბრივში“ თედო აბჟანდაძემ კი ზუსტად გარდასახა 7:0.
48-ე წუთზე ქართველები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა ჯარიმის გამომუშავება შეძლეს და თედო აბჟანდაძემ 53-ე წუთზე ანგარიში 10:0 გახადა. ამის შემდეგ, დათვები მძლავრად მოგვაწვნენ, 61-ე წუთზე ლოგიკური ლელო დაგვიდეს და წარმატებით გარდასახეს 10:7. რუსებს ბოლოს ლელო საქართველოს ნაკრებისთვის 2017 წლის მარტში ჰქონდათ დადებული.
მატჩის დასრულებამდე ისევ არეული თამაში იყო, რომელშიც თედო აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რუსებმა კი კიდევ ააცილეს. საბოლოოდ საქართველომ 16:7 იმარჯვა. მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების კაპიტანმა და ფრაგული „ორიაკის“ ცენტრმა მერაბ შარიქაძემ თქვა, რომ თამაშით უკმაყოფილოა:
„წარსულში რუსეთთან ამაზე რთული მატჩებიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგი ამ მატჩით კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენც არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში ემოციური და ძალიან მძიმეა“ - აღნიშნა შარიქაძემ.
საქართველო 2021 წლის მარტიდან, ევროპის მეორე დონის ჩემპიონის რანგში უკვე რაგბი ევროპის ახალ გათამაშებაში ჩაებმება და ზედიზედ სამ მატჩს სტუმრად გამართავს, პორტუგალიასთან, ესპანეთთან და 20 მარტს, კალინინგრადში, რუსეთთან.