ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ამჯობინებს. თუმცა, თუკი შეერთებული შტატები გააგრძელებს “მუქარას და სანქციებს”, თეირანს ბირთვული აქტივობის განახლება სწრაფად თან გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია, ვიდრე ამას ხელშეკრულების დადებამდე აკეთებდა. პარლამენტის წევრებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ჰასან როჰანიმ ასევე თქვა, რომ ამერიკა “კარგი პარტნიორი” არ არის.
თეირანი იმ სანქციებს ეწინააღმდეგება, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო და რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი. სანქციებში მოხვდნენ ირანელები, რომლებიც ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებში და რევოლუციურ გვარდიაში არიან ჩართულები. ორივე სახელმწიფო, როგორც შეერთებული შტატები, ასევე ირანი, აცხადებს, რომ საკუთარი ქმედებებით მეორე მხარე ბირთვული შეთანხმების არსს ხელყოფს.
Facebook Forum