ორშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციისგან დაიცავს. ამით ბაიდენის ადმინისრაცია აუქმებს ტრამპის პერიოდის პოლიტიკას, რომელიც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მგრძნობიარე სიტუაციებში, იურიდიული უფლებების ფარგლებს ამცირებდა.
ჯანდაცვის დეპარტამენტის ნაბიჯი ადასტურებს, რომ ფედერალური კანონი, რომელიც ჯანდაცვაში სქესის მიხედვით დისკრიმინაციას კრძალავს, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებსაც იცავს. ტრამპის ადმინისტრაციამ “სქესი” განსაზღვრა, როგორც სქესი, რომელიც ადამიანებს დაბადებიდან აქვთ და ტრანსგენდერები ამ კანონით დაცვის გარეშე დატოვა.
ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ჰავიერ ბეკერამ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯანდაცვის დეპარტამენტს უზენაესი სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანს. საქმე ეხებოდა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას და სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაო ადგილზე სქესის გამო დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ფედერალური კანონები გეი და ტრანსგენდერ ადამიანებსაც იცავს.
მედიკოსთა ჯგუფები და სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები ზოგადად მხარს უჭერენ გეი და ტრანსგენდერებისთვის უფრო ფართო იურიდიულ დაცვას, სოციალურ და რელიგიურ კონსერვატორებს კი ამ დაცვის ფარგლების შემცირება სურთ.