ჩიკაგოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფედერალური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან ლგბტ თემის წარმომადგენლებისაც იცავს. სასამართლოს მიერ გამოცემული ამგვარი განმარტება ამბობს, რომ 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტი ლგბტ თანამშრომლების უფლებათა დაცვასაც გულისხმობს.
გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან სულ რაღაც 1 თვის წინ მოქმედი კანონმდებლობა განსხვავებულად განმარტა ატლანტას სასამართლომ.
1964 წლის აქტი იცავს დასაქმებულებს რასის, კანის ფერის, რელიგიის, წარმომავლობისა თუ სქესის ნიშნით დისკრიმინაციისგან, თუმცა რადგან კონგრესის მიერ მიღებულ აქტში „სექსუალური ორიენტაცია“ პირდაპირ არაა მითითებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არც იგულისხმებოდა.
თუმცა სამშაბათს ჩიკაგოს მე-7 ოლქის სააპელაციო სასამართლომ კანონი საპირისპიროდ განმარტა და განაცხადა, რომ გეი და ტრანსგენდერი ადამიანები 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტით სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დაცულნი უნდა იყვნენ.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ინდიანას სათემო კოლეჯის ინსტრუქტორის კიმბერლი ჰიველის სარჩელი დააკმაყოფილა. ჰიველი ამტკიცებდა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ის სრულ სამუშაო განაკვეთზე სწორედ იმიტომ არ მიიღო, რომ ლესბოსელია.
Facebook Forum