იდეოლოგიური დაპირისპირება კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გრძელდება. ამჯერად წამყვანი რესპუბლიკელები სასწავლო პროცესესის განახლებასთან დაკავშირებით კამათობენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მოთხოვნას იმის შესახებ, უნდა ატარონ თუ არა სკოლის მოსწავლეებმა პირბადეები. ამავე დროს კორონავირუსი ახლა ყველაზე სწორედ სწორედ იმ უბნებსა და რაიონებში ვრცელდება, სადაც ყველაზე ნაკლები ადამიანია აცრილი, ეს კი ხშირ შემთხვევაში ყველაზე "წითელი" - რესპუბლიკურად განწყობილი რაიონები თუ უბნებია.
ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, იმ სკოლებს, რომლებიც შტატში საკლასო ოთახებში პირბადის ტარების აკრძალვას არ დაემორჩილებიან, დაფინანსების შეზღუდვა ემუქრება. იგივე პრობლემა შეიძლება შეექმნათ ინდივიდუალურ პირებსაც, რომლებიც ამ წესის აღსრულებას საკუთარი სურვილით ეცდებიან.
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერი სკოლებს მსგავსი შეზღუდვით და დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. ტეხასის გუბერნატორი გრეგ აბოტი კი პირობას დებს, რომ სკოლებს პირბადეების ტარების მოთხოვნის უფლებას არ მისცემს. ამის მიუხედავად შტატის უდიდესი ქალაქების სკოლები - დალასსა და ოსტინში აცხადებენ, რომ პირისპირ სწავლებას პირბადის სავალდებულო ტარებით განაახლებენ. ისინი გუბერნატორს სასამართლოში უჩივიან. ვირჯინიის გუბერნატორიც სკოლებში პირბადის ტარების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ეს მშობლების უფლებებს ეწინააღმდეგება.
სკოლებში პირბადეების ტარების უფლება უფრო დიდი პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია. რესპუბლიკელთა აქტიური გულსშემატკივრები და მხარდამჭერები პანდემიის დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგებიან პირბადეების სავალდებულო ტარების წესს. თუმცა, რესპუბლიკელთა ნაწილი წინააღმდეგია, რომ ამ იდეოლოგიურმა ბრძოლამ სკოლებშიც გადაინაცვლოს და ბავშვების ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. რესპუბლიკელ სტრატეგთა ნაწილი ამბობს, რომ ეს საკითხები ლოკალურ დონეზე უნდა გადაწყდეს ორივე მხარის ჩართულობით და საუკეთესო გამოსავლის მონახვით.
სკოლებში ამ საკითხზე ცხარე განხილვები გრძელდება. ტენესის შტატის ერთ-ერთმა კონგრესმენმა კი პირბადის მოთხოვნას "ბავშვების ფსიქოლოგიური შევიწროება და ჩაგვრაც" კი უწოდა. დემოკრატების მიერ მართულ შტატებში ცვლილებები საპირისპიროდ ვითარდება. თვეების განმავლობაში შემსუბუქებული რეგულაციების მიუხედავად, მათი უმეტესობა დახურულ სივრცეებში და საკლასო ოთახებში პირბადეების ტარების მოთხოვნას და სხვა რეგულაციებს აახლებენ.
Facebook Forum