ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის და ორბანის ნელი ტანგო


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კარიერა ანტი-კომუნისტური საქმიანობით დაიწყო, მაშინ როცა 1989 წელს იმრე ნაგის - 1956 წლის უნგრეთის გამოსვლების ლიდერის - გადასვენებისას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა.

სუკის ოფიცრებს შორის, რომლებიც კრემლმა უნგრეთის საპროტესტო ტალღის ჩასახშობად გაგზავნა, ახალგაზრდა დაზვერვის ოფიცერი ნიკოლაი კოსოვიც იყო.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, კოსოვის შვილი, ასევე ნიკოლაი, ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის ოფისში შეხვდა, რომელიც ყოფილ კარმელიტთა მონასტერში მდებარეობს და ქვეყნის პარლამენტს გადაჰყურებს. ამ ორმა, ერთდროს საბჭოთა დისიდენტმა და კომუნისტური პარტიის ჯაშუშის შვილმა, რუსული ბანკის ბუდაპეშტში გადატანა განიხილეს.

კოსოვი ბანკის ხელმძღვანელად ვლადიმირ პუტინმა 2012 წელს დანიშნა.

ახლა უკვე „საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი“, ან ყოფილი „სევი“ - ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, კრემლის მიერ კონტროლირებული ინსტიტუტია. ბანკს მხოლოდ 350 მილიონი დოლარი აქვს ბალანსზე და ბუნდოვანებითაა მოცული. უნგრეთი, რუსული ბანკის ბუდაპეშტში გადატანას დათანხმდა. ეს ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის უთანხმოების კიდევ ერთი თემაა.

თებერვლის შუა რიცხვებში, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის დროს, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბანკის რელოკაციის საკითხი უნგრელებთან განიხილეს. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც ახსენა უნგრელ კოლეგებთან.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში, უფრო და უფრო მეტი უკმაყოფილება ჩნდება ვიქტორ ორბანის და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობების გარშემო. ორივე მათგანი დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ იბრძვის და ორივე ლიდერმა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სისტემები მნიშვნელოვნად შეცვალა. ორბანმა რუსეთის წინააღდეგ დასავლური სანქციები გააკრიტიკა და 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინს ბუდაპეშტში უმასპინძლა.

დასავლელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, საინვესტიციო ბანკის უნგრეთში გადატანას ხედავენ, როგორც პუტინისა და ორბანის „განსაკუთრებული ურთიერთობის” კიდეევ ერთ დამადასტურებელ ფაქტორს. მიმომხილველები ამბობენ, რომ ორბანი ევროპაში პუტინის საუკეთესო მეგობარია.

ორბანის და პუტინის ურთიერთობა 2010 წლიდან გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც ორბანი მეორე ვადით აირჩიეს. ორბანმა პუტინი რამდეჯერმე მოიხსენია, როგორც მისთვის სანიმუშო ლიდერი. ოპოზიციის დეპუტატის, აგნეს ვადაის განცხადებით, ორბანი პუტინის ზოგიერთ ნაბიჯს იმეორებს.

„ის პუტინის ასლია, როცა საქმე სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას, არასამთავრობოებზე ზეწოლასა და მუქარას ეხება, რომლებსაც ის არ აკონტროლებს“, - თქვა ვადაიმ.

უნგრეთის მთავრობის მიზანი არაა რუსეთის გავლენის იარაღად გადაქცევა. ეს არაა უნგრეთის მიზანი. თუმცა თუ მკითხავთ თამაშობს თუ არა მთავრობა სარისკო თამაშს, რომელმაც შეიძლება ამ შედეგამდე მიგვიყვანოს, მე ვიტყოდი, რომ კი.
გერგო ნიილასი

2014 წელს ორბანმა კრემლთან 12 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კრემლი საბჭოთა დროინდელ ბირთვულ ენერგო სადგურს განაახლებს, რომელიც ბუდაპეშტიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

უნგრეთის მთავრობა ბანკს სრულ დიპლომატიურ იმუნიტეტს აძლევს. უნგრეთის მეზობელმა სლოვაკეთმა ბანკის მასპინძლობაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც მათ რუსეთისგან წინადადება მიიღეს. უნგრეთის მთავრობის ცნობით, იმუნიტეტი არა მხოლოდ ბანკის მმართველებს, არამედ თანამშრომლებს და კონსულტანტებსაც შეეხებათ, ასევე ნებისმიერ სტუმარს, ვისაც კი ბანკი მიიღებს რუსეთიდან ან მესამე ქვეყნიდან.

ანდრის დეზსო, ჟურნალისტი დამოუკიდებელი გამოცემიდან „ინდექსი“ ამბობს, რომ ეს გულისხმობს რომ ბანკის თანამშრომლებს და სტუმრებს შეეძლებათ უნგრეთიდან დაუბრკოლებლად შენგენის ზონაში მოგზაურობა. ეს განსაკუთრებით იმ ფონზეა საყურადღებო, რომ რუსეთის სავარაუდო აგენტები, ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის კრემლის მიერ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ევროპის ბევრი ქვეყნიდან მასობრივად გააძევეს.

უნგრეთის კონტრდაზვერვას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ბანკის საქმიანობის მონიტორინგი, - ამბობს დეზსო. შედეგად სავარაუდოდ ევროპის სხვა ქვეყნების კონტრდაზვერვის სამსახურებს მოუწევთ, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ უნგრეთზე. „კონტრდაზვერვის ერთეულები სხვა ქვეყნებიდან უნგრეთში ჩამოვლენ და ეს ყველაფერი დაემსგავსება ვენას ცივი ომის დროს" - ამბობს ის. ცივი ომის დროს ვენა ჯაშუშთა გადაკვეთის წერტილი იყო.

არც ბანკის ფინანსური საქმიანობა იქნება მონიტორინგის საგანი. „შეეძლებათ ნებისმიერი სახის ბიზნესი აწარმოონ“, - წუხს აგნეს ვადაი. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ საინვესტიციო ბანკით“.

ვიქტორ ორბანის პრესპიკერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვეს "ამერიკის ხმისთვის" კომენტარის მიცემაზე.

ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოსოვმა უარყო კავშირები რუსეთის დაზვერვასთან და ასევე უარყო, რომ ბანკი რუსულია. მან განაცხადა, რომ ბანკი რამდენიმე სუვერენული სახელმწიფოს მიერაა დაარსებული.

„ბანკის მთავარი ოფისის ევროკავშირში გადატანა საშუალებას მოგვცემს კაპიტალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვანია (ევროკავშირის და ნატოს წევრები) მონღოლეთთან, ვიეტნამთან და კუბასთან ერთად ბანკის წევრები არიან. თუმცა ბანკის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ვიქტორ ორბანისთვის 2000 წელს, რომ მან უნგრეთის წევრობა ბანკში შეწყვიტა და მხოლოდ ათწლეულის შემდეგ გადაწყვიტა მასში ხელახალი გაწევრიანება. 2000 წელს ბანკის დატოვების მიზეზი ვიქტორ ორბანისთვის გამჭირვალობის საკითხი იყო.

იულიუს ჰორვატი, ცენტრალური ევროპის უნივერსტეტის პროფესორი ამბობს, რომ ფაქტი, რომ საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის წარსული უსაფრთხოების სამსახურებს უკავშირდება გასაკვირი არაა. „ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურებიდან მოდიან, ან როგორც მათ უწოდებენ „სილოვიკები“, მთავრობის და სხვადასხვა "ბიზნეს პოსტებზე" ინიშნებიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ბანკის ბუდაპეშტში გადატანა. გერგო ნიილასი „ინდექსის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ უნგრეთის მთავრობის მიზანი არაა „რუსეთის გავლენის იარაღად გადაქცევა“. „ეს არაა უნგრეთის მიზანი. თუმცა თუ მკითხავთ თამაშობს თუ არა მთავრობა სარისკო თამაშს, რომელმაც შეიძლება ამ შედეგამდე მიგვიყვანოს, მე ვიტყოდი, რომ კი".

ჰორვატი ამბობს, რომ ორბანი ცდილობს ევროპაში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით იმოქმედოს. თუმცა პიტერ კრეკო, „პოლიტიკური კაპიტალის“ მიმომხილველი ამბობს, რომ უნგრეთის მხრიდან დაბალანსების მცდელობა, ნატოსა და ევროკავშირისა და მეორე მხრივ რუსეთს შორის შესაძლოა ბუდაპეშტის მიტაცებით დასრულდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG