ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Freedom House: მსოფლიოში თავისუფლება მე-13 წელია, მცირდება


“დემოკრატიის უკუსვლა” - ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაციის “ფრიდომ ჰაუზის” წლევანდელ ანგარიშს, რომელიც მსოფლიოში გასულ წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობას აფასებს.

195 შეფასებული ქვეყნიდან 86 ( 44 %) კლასიფიცირებულია, როგორც “თავისუფალი”, 59 ქვეყანა (შეფასებული ქვეყნების 30 %) - როგორც “ნაწილობრივ თავისუფალი”, 50 ქვეყანა კი (26 %) - “არათავისუფალი”. საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა მისი რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა.

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში

"2018 წელი მე-13 წელია მიყოლებით, როცა მსოფლიოში თავისუფლება მცირდება. ეს ეხება ყველა რეგიონს, ხანგრძლივ, მდგრად დემოკრატიებს, როგორიც შეერთებული შტატებია და ისეთ კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებსაც, როგორებიც ჩინეთი და რუსეთია. მთლიანობაში, დანაკარგი, კლება მაინც უფრო მცირეა, ვიდრე მონაპოვარი, გაუმჯობესება, მაგრამ ტენდენცია მაინც უცვლელი და სახიფათოა. დემოკრატია უკუსვლას განიცდის", - ვკითუხლობთ ანგარიშის პირველივე გვერდებზე.

ამ წლის ანგარიშში “ფრიდომ ჰაუზის” მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ამერიკის შეერთებულ შტატებს - პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის 4-წლიანი პერიოდის შუაწელში.

“ამერიკული დემოკრატიის გამოწვევები გამოცდაა მისი კონსტიტუციური სტაბილურობისთვის და საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებას მთელ მსოფლიოში”, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში - “თავისუფლება მსოფლიოში - 2019”. “მართალია დემოკრატია ამერიკაში რჩება გლობალური სტანდარტების შესაბამისად ძლიერი და ჯანსაღი, მაგრამ გასული 8 წლის განმავლობაში ის სერიოზულად შესუსტდა, მოქმედი პრეზიდენტის მიმდინარე თავდასხმები კი კანონის უზენაესობაზე, ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკასა და დემოკრატიის ნორმებზე, შემდგომი კლების საფრთხეს ქმნის ”, - განმარტებულია ანგარიშში.

დიქტატორებმა იციან, რომ მათი ძალაუფლება იზრდება, როდესაც ისინი საკუთარ საზღვრებს სცდებიან და სხვა ერების თავისუფლებას ასუსტებენ. თუკი კვლავ გაგრძელდება ბალანსის დიქტატურის მიმართულებით გადახრა, თავისუფალი საზოგადოებები შესაძლოა იზოლირებულნი აღმოჩნდნენ უფრო სახიფათო და ქაოსურ მსოფლიოში
სარა რეპუჩი, Freedom House-ის საერთაშორისო პუბლიკაციების დირექტორი

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მახასიათებლები სხვა ქვეყნებშიც იკვეთებოდა, რომლებშიც საბოლოოდ ავტორიტარიზმი დამყარდა, სწორედ ამიტომ "ფრიდომ ჰაუზი" აცხადებს, რომ: “მთავარი საფრთხე ისაა, რომ ამერიკული დემოკრატია არ არის განუსაზღვრელად გამძლე, განსაკუთრებით კი თუკი პრეზიდენტი გამოავლენს მცირე პატივისცემას მისი [დემოკრატიის] უმთავრესი პრინციპებისადმი” - ამბობს მაიკლ აბრამოვიჩი, "ფრიდომ ჰაუზის "პრეზიდენტი.

“ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათანობით ემორჩილებიან, ნებდებიან განგრძობით წნეხს. ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი, თურქეთი, ვენესუელა. ანტიდემოკრატიული რიტორიკა და ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების უარყოფა - შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები თავისუფლების რეალური შეზღუდვებისკენ”, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აბრამოვიჩი განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს გავლენა აქვს ამერიკის საზღვრებს გარეთაც. "ამერიკული დემოკრატიის მიმდინარე გაუარესება დააჩქარებს დემოკრატიის შესუსტებას მთელ მსოფლიოში", - ამბობს ის და განმარტავს, რომ ამერიკის ლიდერები მაგალითს აძლევენ სხვა ქვეყნების მმართველებსაც. აბრამოვიჩი კონგრესის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააძლიეროს მისი საზედამხედველო ფუნქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე.

საპროტესტო აქცია საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან 20 ივნისი, 2018 წელი.
საპროტესტო აქცია საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან 20 ივნისი, 2018 წელი.

ამერიკის ამჟამინდელი ქულა “მსოფლიო თავისუფლების” ინდექსში ისეთი ქვეყნების მსგავსია, როგორებიცაა საბერძნეთი, ხორვატია და მონღოლეთი, "ბევრად იმაზე ნაკლები, ვიდრე მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნების - გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოსი", - ვკითხულობთ ანგარიშში.

„ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ არადემოკრატიული პროცესების განვითარება მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც და მათ შორის შეერთებულ შტატებზეც, რომელსაც შემდეგომ თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ, ან რომელიც შემდეგ შესაძლოა არჩევნებში ჩარევის სამიზნეც კი გახდეს.

“ფრიდომ ჰაუზის” ამ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, გასული წლის განმავლობაში 68 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება შემცირდა, 50 ქვეყანაში კი - გაუმჯობესდა. ანგარიში აჩვენებს, რომ დემოკრატიული ნორმები განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით შესუსტდა, როგორებიცაა არჩევნები და მიგრანტთა უფლებები.

ორგანიზაციის საერთაშორისო პუბლიკაციების უფროსი დირექტორი, სარა რეპუჩი ამბობს, რომ ამერიკა უფრო დაცული და უსაფრთხო ქვეყანაა, როდესაც მას თანამოაზრე დემოკრატიული საზოგადოებები და ქვეყნები ჰყავს საყრდენად. „დიქტატორებმა იციან, რომ მათი ძალაუფლება იზრდება, როდესაც ისინი საკუთარ საზღვრებს სცდებიან და სხვა ერების თავისუფლებას ასუსტებენ. თუკი კვლავ გაგრძელდება ბალანსის დიქტატურის მიმართულებით გადახრა, თავისუფალი საზოგადოებები შესაძლოა იზოლირებულნი აღმოჩნდნენ უფრო სახიფათო და ქაოსურ მსოფლიოში“, - ამბობს რეპუჩი.

გასული 13 თანმიმდევრული წლის განმავლობაში ეს თავისუფლებები გამუდმებით მცირდებოდა. “არათავისუფალი ქვეყნების” წილი ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა, ასევე გაძლიერდა და უფრო ინტენსიური გახდა ძლიერი და ხანგრძლივი დემოკრატიების მიმართ ნდობის კრიზისიც. 2006 წლიდან მოყოლებული საერთშორისო ორგანიზაციის შეფასებით, სულ 116 ქვეყანაში დაფიქსირდა მდგომარეობის გაუარესება, 63-ში კი - გაუმჯობესება

საპროტესტო აქცია თეთრ სახლთან, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით
საპროტესტო აქცია თეთრ სახლთან, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით

იმ 50 ქვეყნიდან, რომლებიც „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაშია, ყველაზე ცუდი მაჩვენებლები შემდეგ ქვეყნებს აქვს: სირია, სამხრეთ სუდანი, ერითრეა, თურქმენეთი, ჩრდილო კორეა, ეკვადორული გვინეა, საუდის არაბეთი, სომალი, სუდანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ლიბია.

შეერთებულ შტატებს ამჟამად 100 ქულიდან 86 ქულა აქვს. მართალია ის ჩამორჩება ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მაგრამ ის კვლავ მტკიცედ “თავისუფალი” ქვეყნების კატეგორიაშია. ორგანიზაციის განმარტებით, 2018 წელს ამერიკაში შემცირდა გარკვეული მაჩვენებლები კანონის უზენაესობის მიმართულებით, რადგან მოწმენი გავხდით ისეთი სამთავრობო პოლიტიკისა და ქმედებებისა, რომლებიც შეუსაბამოდ ზღუდავდა თავშესაფრების მაძიებლების კანონიერ უფლებებს, აშკარა გახდა დისკრიმინაცია ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და იმიგრანტებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ძალაულებისა და დაკავების პოლიტიკის უკიდურესი გამწვავება და გამკაცრება. თუმცა ამის საპირისპიროდ, შეკრების თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან გაძლიერებული სამოქალაქო აქტივობის პარალელურად არ გამეორებულა გასული წლების პროტესტთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები.

უნგრეთმა, რომელიც ერთ დროს პოსტსაბჭოთა ტრანზიციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იყო, 2018 წელს „თავისუფალიდან“ „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ვიქტორ ორბანმა დაიკავა, უნგრეთის პოზიციები პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება-თავისუფლებების მხრივ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს იყო ყველაზე სერიოზული კლება, რაც კი ოდესმე ორგანიზაციას ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში დაუფიქსირებია.

მკვლევარების თქმით, უფრო და უფრო მეტი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს თავის საზღვრებს გარეთაც მისწვდეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებით გადასახლებაში იმყოფებიან, ან სხვა ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ. „ფრიდომ ჰაუზის“ მონაცემებით, 20-ზე მეტი ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და საუდის არაბეთი - მიიტანა იერიში იმ პოლიტიკურ დისიდენტებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ. მათ შორის სხვადასხვა სახის შევიწროვება, ექსტრადირების მოთხოვნა, მოტაცება, და მკვლელობაც კი. საუდის არაბეთის მიერ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა თურქეთში - განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქცევს იმ ფაქტს, რომ ავტორიტარული რეჟიმები აღარ ერიდებიან საერთაშორისო საზღვრების დარღვევას საკუთარ მტრებთან ანგარიშის გასასწორებლად.

ევრაზია

რაც შეეხება ევრაზიის რეგიონს, აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სომხეთს. აღნიშნულია ქვეყნის პროგრესული ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის გამარჯვება ვადამდელ არჩევნებში, მას შემდეგ, რაც ყოფილმა ლიდერმა, სერჟ სარგსიანმა საკუთარი მმართველობის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ სცადა.

უზბეკეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი იყო რეგიონსა და მსოფლიოში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება, რადგან მთავრობა განაგრძობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთისა და აზერბაიჯანის საკითხიც, სადაც დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტი რეპრესიის მსხვერპლია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება კი ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

საპროტესტო აქცია უნგრეთში სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ, აპრილი, 2017 წელი.
საპროტესტო აქცია უნგრეთში სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ, აპრილი, 2017 წელი.

უნგრეთი კი, რომელიც ერთ დროს პოსტსაბჭოთა ტრანზიციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იყო, 2018 წელს უკვე „თავისუფალიდან“ „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში გადავიდა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტი ვიქტორ ორბანმა დაიკავა, უნგრეთის პოზიციები პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება-თავისუფლებების მხრივ (რელიგიური ჯგუფების, მედიის, საგანმანათლებლო სფეროს, არასამთავრობოების, სასამართლოსა და კერძო სექტორის შევიწროვება) მნიშვნელოვნად გაუარესდა და ეს იყო ყველაზე სერიოზული კლება, რაც კი ოდესმე ორგანიზაციას ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში დაუფიქსირებია.

უარყოფითი ტენდენციებია დაფიქსირებული პოლონეთშიც, სადაც კონსერვატორთა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სასამართლო ხელისუფლებას და სხვა უფლებებს ახალი გამოწვევები შეექმნათ. ძალაუფლების კონსოლიდაციის პრობლემაზეა საუბარი მონტენეგროსთან მიმართებითაც, სადაც პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს აჭარბებს. სლოვაკეთში კი გასულ წელს გამომძიებელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირები გამოამჟღავნა. რაც შეეხება თურქეთს, მიუხედავად ორწლიანი საგანგებო ვითარების დასრულებისა, მთავრობა აგრძელებს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლების შევიწროვებასა და გასამართლებას მათი შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG