გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს, გერმანიის კანცლერმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა. ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს.
კანცლერი შოლცი კრიტიკული იყო კრემლის მიმართ. მისი განცხადებით, პუტინმა იმპერიულ ამბიციებზე უარი უნდა თქვას და შეწყვიტოს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის განადგურება.
„ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას, სწორედ ამიტომ უკრაინამ უნდა შეძლოს რუსეთის თავდასხმის მოგერიება. იმპერიალიზმის დაბრუნება უკრაინასთან პუტინის ომით, კატასტროფაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული მშვიდობისთვის“- ამბობს კანცლერი შოლცი.
გერმანიის ლიდერმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბელრინი კიევის დახმარებას გააგრძელებს. 25 ოქტომბერს კი გერმანია უმასპინძლებს კონფერენციას უკრაინის აღდგენისთვის, რომელზეც ბერლინი შეეცდება კიევისთვის ფინანსური დახმარება მოიზიდოს.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებასაც უგზავნის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, კიევი ამ ეტაპზე ბერლინისგან საჰაერო თავდაცვით იარაღს ელოდება.
Facebook Forum