ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსეი ნავალნის გერმანიის საავადმყოფოში დაცვა მიუჩინეს


ორშაბათს, გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის საავადმყოფოში დაცვა მიუჩინეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძველი კრიტიკოსი ციმბირში კამპანიის ჩატარების დროს სავარაუდოდ მოწამლეს.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, ნავალნი თვითმფრინავში ჩაის დალევის შემდეგ წაიქცა. მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ჩაიში საწამლავი იყო. შაბათს ის გერმანიაში სამკურნალოდ გადააფრინეს.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მთავარმა პრეს-მდივანმა შტეფენ ზიბერტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “არსებობს ეჭვი, რომ ბატონი ნავალნი მოწამლეს იმის გათვალისწინებით, რომ საუბედუროდ, რუსეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში რამდენიმე მსგავსი საეჭვო შემთხვევა იყო. დაცვის საჭიროება არსებობს, რადგან თითქმის უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ ეს საწამლავით თავდასხმა იყო.”

რუსეთის მთავრობას გერმანიის განცხადებაზე დაუყოვნებელი კომენტარი არ გაუკეთებია. პარასკევს კრემლმა განაცხადა, რომ ნავალნის ავადმყოფობის მიზეზი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი და პირველად ანალიზებს არ უჩვენებია, რომ ის მოწამლული იყო.

ამ ინციდენტს შეეძლება კიდევ უფრო დაძაბოს არსებული არასასიამოვნო ურთიერთობა რუსეთსა და მის ევროპელ და ნატოს წევრ მეზობლებთან, რომლებიც რუსეთს ბრალს სდებდნენ დისიდენტებზე თავდასხმებზე, რასაც ის ადრე ევროპაში აკეთებდა. რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო.

ორშაბათს, ციმბირის იმ საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც ნავალნის პირველად უმკურნალეს, თქვეს რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, მაგრამ ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ციმბირის ქალაქ ომსკში, მთავარმა ექიმმა ანატოლი კალინიჩენკომ ჟურნალისტებს უთხრა: “რაიმე სახის საწამლავი რომ აღმოგვეჩინა, რაც რამენაირად დადასტურდებოდა, ეს საქმეს ბევრად გაგვიადვილებდა. გვექნებოდა ნათელი დიაგნოზი, ნათელი მდგომარეობა და მკურნალობის კარგად ცნობილი კურსი.

რუს ექიმებს არ უთქვამთ მას რა მკურნალობა ჩაუტარეს. გასულ კვირაში თქვეს, რომ მას მეტაბოლური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რაც სავარაუდოდ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობით იყო გამოწვეული.

ექიმებმა თქვეს, რომ ნავალნის მკურნალობისას, ხელისუფლების მხრიდან მათზე წნეხი არ ყოფილა.

ორშაბათს, ნავალნის პრეს-მდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნის ავად გახდომისთანავე, მხარდამჭერებმა, რუსეთის პოლიციას და საგამოძიებო კომიტეტს, როგორც თვითონ აღწერეს, საეჭვო მოწამვლის შესახებ აცნობეს.

კომენტარის დაუყოვნებლად მოსაპოვებლად პოლიციასა და საგამოძიებო კომიტეტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ნავალნი კრემლის გვერდში შერჭობილი ეკალი იყო. ის, მისი სიტყვებით, მაღალი დონის მექრთამეობას ამხელდა და პროტესტებისთვის ახალგაზრდების დიდი ჯგუფების მობილიზებას ახდენდა.

საჯარო შეკრებების და მსვლელობების მოწყობისთვის ის არერთხელ დააკავეს და მის მიერ კორუფციის გამოძიების გამო, მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG